ევრორემონტი ისტორიულ შენობაში, რომელსაც დღე-დღეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ოზურგეთის მერია დიდ შარში ეხვევა. შვიდი თვის წინ საბავშვო ბაღის შენობაში ევრორემონტი ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარეს, პოლიტიკური ქულებიც დაიწერეს. ახლა კი რაც გააკეთეს შლიან და ცდილობენ შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნონ.
განგაშის სიგნალი სავარაუდოდ დონორებმა ჩართეს, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ ჩარიცხული ფული ისეთი შენობის ევრორემონტზე დაიხარჯა, რომელზე ხელის დაკარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ პასუხისმგებელ არცერთ პირს არ უფიქრია გაერკვია,სად იწყებდნენ რემონტს. ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ კი მერია პანიკამ მოიცვა.
მერი ავთანდილ თალკვაძე საჯაროდ ამაყობდა, რომ ოზურგეთელ ბავშვებს განახლებული ბაღი და კომფორტული შენობა აუშენა, თუმცა ახალ გარემონტებული შენობის სახურავი იშლება, სამუშოები თავიდან დაიწყეს და თან, ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. მერი ირწმუნება, რომ ფასადი უბრალოდ ჩამოხსნეს და თავიდან მიამაგრებენ. მისი ნათქვამის მიხედვით, ფასადი ისე გააკეთეს, კედლებს რომ გამაგრება სჭირდებოდა, არ იცოდნენ.
ადგილზე მომუშავე მუშები ადასტურებენ, რომ საბავშო ბაღის ხელახალი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რადგან, როგორც ირკვევა, შენობის კედლები დაზიანებულია.
”შიდა რეკონსტრუქცია ხდება, გამაგრება ხდება, კედლებია დაზიანებული. კულტურულ მემკვიდრეობას არანაირად არ შევხებივართ, დანარჩენს ყველაფერს პროექტის შესაბამისად შევასრულებთ” – ამბობენ მუშები.
ოზურგეთის მერი მედიას ტყუილში ადანაშაულებს:
ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
”7 თვის წინ მილიონები დაიხარჯა აქაორობის ფასადის გარემონტებაზე, რომელიც ჩამოხსნეს 7 თვის შემდეგ და თურმე აღმოჩნდა, რომ მთლიანად შენობაა გასარემონტებელი და გასამაგრებელი. ამ დროს საქმე გვაქვს ისტორიულ შენობასთან, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მიაქციეს ამ ადამიანებმა” – ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.
ტვ პირველი