USAID საქართველომ და „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
„რითეილ ასოციაცია“ და USAID საქართველო წარუძღვებიან კამპანიას „ქართულია და კარგია“, რომლის ფარგლებშიც სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები ადგილობრივი პროდუქციისთვის თაროებს სპეციალურად გამოყოფენ.
„რითეილ ასოციაციაში“ შემავალი 12-ვე წევრი, ბუნებრივია, ყველა მეწარმესთან ინდივიდუალურად გაივლის კონსულტაციას. ეს იქნება ორ მხარეს შორის კომერციული გარიგება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ შორის დიალოგი შედგეს და შეთანხმებას მიაღწიონ.
პირველ ეტაპზე, სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდება არამალფუჭებადი პროდუქცია, მოგვიანებით კი ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება“, – აღნიშნავს მირანდა მანჯგალაძე.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მენეჯერი პაატა შეყელაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, პროექტისთვის შეირჩევიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში მოსახვედრად დაწესებულ სტანდარტს დააკმაყოფილებენ. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ბენეფიციარებს, როგორც თავიანთი პროდუქციის წარმოებაში, ისე სტანდარტების დაცვის კუთხითაც. ასევე, ვერთვებით ბრენდირების, შეფუთვის და ბაზარზე განთავსების პროცესებშიც. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამები ადგილობრივ ბიზნესს დაწყებული წარმოების პროცესიდან, პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული“, – განმარტავს პაატა შეყელაძე.