“საქართველოს არაკომპეტენტური ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ” – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გუდიაშვილის მოედანზე, კოალიციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ლევან ცუცქირიძემ რუსული კანონის მიმღები პრემიერის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ ოკუპაცია მოცემულობა არასდროს არ არის.
ამასთან, “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა საზოგადოებას დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ 1121 წელს თურქ-სელჩუკთა დამარცხება იყო სიმბოლო, რომ თავისუფლებისთვის თავგანწირულ ბრძოლას შედეგი მოაქვს.
”უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ერთ-ერთი დიდი გამარჯვების დღესასწაულს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება იყო იმის სიმბოლო, რომ ერთიანობას, თავისუფლებისთვის თავგანწირულ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენმა მებრძოლებმა საუკუნეების განმავლობაში მოგვიტანეს საქართველო აქამდე და არასდროს უთქვამთ, რომ ოკუპაცია არის მოცემულობა. ეს პირველად გავიგეთ ამ მთავრობის პირიდან ცოტახნის წინ. ეს არის მიუღებელი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მთავრობა, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაჭრას ამ ქვეყნისთვის მთავარი დიდი პრობლემები. არათუ დიდი საქმეების გაკეთება არ შეუძლია მას, მცირე წვრილმანებსაც ვერ აგვარებს. არაკომპეტენტური ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ საქართველოს. მე მიხარია, რომ ჩვენ ვძლიერდებით. ეს არის პატრიოტი, გაბედული ადამიანების კოალიცია, რომელთაც ნათელი ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა წაიყვანოს საქართველო წინ”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
“ძლიერ საქართველოში” ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად შედგა – ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.