ზურგსუკან საუბრები, ჭორაობა, განკითხვა, ცილისწამება პატარა, შეუმდგარი ადამიანების ხვედრია, მაგრამ უფრო შეუმდგარი ის არის, ვინც ამას იჯერებს და იმდენს ვერ ხვდება, რომ მის ზურგსუკანაც იგივეს, ან კიდევ უარესს საუბრობენ მასზეც.
გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მოლაყბე გააჩუმო და ამ მზაკვრული საუბრების თანამონაწილე არ გახდე.
ზოგი მოკვდება, ვინმე რომ არ ლანძღოს და განიკითხოს. ნეგატივით იკვებება და მთელი ცხოვრება სიმძიმეს დაატარებს.
არადა, უფრო მარტივია სიკეთით და სიყვარულით ცხოვრება.
ყველა ადამიანი თავის თავს ყველაზე მეტად მაშინ ავლენს, როცა გაბრაზებულია.
გაბრაზების დროს თუ დავკარგეთ ადამიანობა, არ გვცოდნია და ჩვენში მხეცს უცხოვრია.
სანამ მას არ მოვერევით, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ ვართ საშიშები. სხვა თავს დაგვაღწევს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გავექცევით.
ბევრია ,,კეთილისმსურველი”… მოდის, გიყვება, თუ როგორ გლანძღავენ ზურგიდან ვიღაცები.
მერე სხვასთან მიდის, იგივეს ეუბნება და რეაქციებით კმაყოფილდება.
ასეთი ადამიანი ავადმყოფია… დაავადება რომ არ პროგრესირდეს, ხელი შევუშალოთ ამ სიმახინჯის ტირაჟირებას…
მერე ადამიანის გული მარტო არა, გარემოც და ჰაერიც გაიწმინდება…
თავისუფალი სუნთქვა უკეთესია!..
მამა პეტრე