19–ე საუკუნის ქალ–ვაჟთა მანკიერებანი

(პამფლეტი)

მწამს, რომ ქართველი ქალები (იგულისხმეთ განათლებულნი) გადაგვარების გზას ადგიან, რომ იმათ ქართული ლაპარაკი არ მოწონთ, რომ მათ ენა შეგვიბღალეს, რომ იგინი სამაგალითო დედები არ არიან. ამას ქალებიც არ ჰყოფენ უარს, მარა იმათაც რწამთ, რომ ჩვენც, მამაკაცებიც იმავე გზას და კვალს მივჰყვებით. ესეც მართალია, ჩვენ თუ ვიცნობთ ისეთ ქალებს, რომლებიც სხვა გვარად გარდაქმნილან, ქალებიც ხომ დაადებენ ჩვენ შორის, რომლებიც სხვანაირად ქცეულან. ვინ არ იცის, რომ ზოგიერთი ქალები მღერიან:

“მძულს ვარდები და იაო!
სამშობლო რას მიქვია,
მეწყერსაც წაუღიაო!”
მაგრამ ვაჟებიც ამავე ჰანგზე გაჰკივიან ამგვარსავე სიმღერას:
“მძულს მარიამ და თამარო!
ქართული სულ რომ მოისპოს,
ნეტავ თუ ცრემლი დავღვარო!”
შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ქალებს გადაჭარბებული კოხტაობა: კორსეტები, კუდიანი და კიბეებიანი კაბები, შლიაპები და სხვა. მაგრამ ჩვენს შორისაც ხომ მოიპოვებიან ისეთები, რომლებსაც მხრები გაპრიალებული აქვთ, ულვაშები გაწკიპინებული, ფეხებზე ეჟვნები აბიათ და ხმალს მიწაზე მიაჩანჩალებენ. შეუდარებლად რომ ვთქვათ, რაც რამ ნაკლი აქვთ ქალებს, ჩვენც წილი გვიდევს ყველაში.
ქალებს ისეთს ბრალს ვერაფერს დავდებთ, რომელშიაც ჩვენი წილი არ გვქონდეს. საქებარი არც ერთს არა გვაქვს რა. ყველა იძულებული ვართ დავეთანხმოთ სახელოვან პოეტს, როცა იგი ცრემლმორეული ამბობს, რომ:
“კაცი იყო, გინდა ქალი,
ჩვენში ყველა არის გლახა,
და რათ გძებნოთ იდეალი?
სჯობს, ვიცინოთ ხა, ხა, ხა, ხა!”_ო.
მარა, როგორც ყველაფერს ქვეყანაზე, ისე ჩვენს დაგლახებასაც მიზეზი აქვს. აქ არაფერ შუაშია არც ქალი და არც კაცი. მიზეზი უნდა ვეძიოთ ჩვენი ცხოვრების ისტორიულ მიმდინარეობაში.
მოგეხსენებთ, ქვეყანაზე მკვიდრი და უცვალებელი არა არის რა. ყოველი არსება, ყოველი საგანი, ყოველი ორგანული და არაორგანული ერთსა და იმავე ბუნების კანონს ექვემდებარება. ამ კანონის ძალით ერთი კვდება, მეორე იბადება. ერთი ირღვევა, მეორე შენდება; ერთი სუსტდება, მეორე ძალას იკრებს. ერთი ავადმყოფობს, მეორე მთელდება_ლოგინიდან დგება. კაობრიობის ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით: სად არის ძველი დიდებული საბერძნეთი? სად არის მრავალფეროვანი და უსაზღვრო რომის იმპერია? გაქრნენ! მარა, არა, არ გამქრალან! ისინი კვლავ არიან ოღონდ სხვა სახით, სხვა სისხლითა და ხორცით. ვისი მეოხებით არის აყვავებული აწინდელი სწავლა_მეცნიერება, თუ არა ბერძენ_რომის ნიადაგზე? რა ყოფაშია ახლა თავდაპირველი მეცნიერების ბუდე_აკვანი აღმოსავლეთი? უფსკრული წყვდიადითაა მოცული, სად გაქრა მისი ნაღვაწ_ნაშრომი? არსად – იგი სარჩულად დაედვა მეორეს. სპარსეთ_არაბეთიდან საბერძნეთს გადავიდა, იქიდან რომს და შემდეგ მთელს ევროპას მოედვა.
ჩვენი ერი ორმოცი საუკუნის მიმდინარეობის მონაწილეა; ოცდაორი საუკუნის განმავლობაში მას პასუხი უნდა ეძლია მტერ_მოყვრებ_შინაურ_გარეულებისთვის. ყოველსავე ამას, რასაკვირველია, აღმოუფხვრელი კვალი უნდა გაევლო ერის ცხოვრებაში, უნდა შეემუშავებინა და გამოერკვია ცხოვრების კანონი, ცხოვრებისთვის უნდა მიეცა განსაზღვრული კალაპოტი; უნდა დაეფუძნებინა და დაემკვიდრებინა ის, რაც ერის საკეთილოდ და არსებობის განსაგრძობად საჭირო და სასარგებლო იყო. ეს ასეც მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენს ბედკრულ ერს დღემუდამ ურიცხვი მტერი ეხვეოდა. ამ მტერთან ბრძოლამ და დაუსრულებელმა სისხლისღვრამ ქართველს გამოცდილება შესძინა, მკლავი გაუმაგრა, გაბედულება ჩაუნერგა და ვაჟკაცობა მიანიჭა. ამ ისტორიული კულტურით აიხსნება ის, რომ ქართველი ათსა და ოცს მტერს გულ უდრეკლად ებმებოდა და უმკლავდებოდა კიდეც!
ვინ უზრდიდა სამშობლოს ასეთ გმირებს? ქართველი დედა, რომელსაც კარგად ჰქონდა შეგნებული დროთა ვითარება. შვილი დედის ძუძუსაგან წოვდა არამარტო რძეს, არამედ მასში შერეულს სამშობლოს სიყვარულს. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს წინაპრებს კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი მდგომარეობა და დროს უფარდებდნენ ყოველ ბიჯს. იმ დროს ქართული ოჯახი წარმოადგენდა თვით არს მარტივ, განსაზღვრულ ძალას. ქალსა და ვაჟს, ცოლსა და ქმარს განსაზღვრული და განაწილებული ჰქონდათ თავ_თავისი საქმე და მოვალეობა. ქალი შინ იყო, ოჯახს უვლიდა, შვილებს უზრდიდა სამშობლოს, ხელსაქმობას ეწეოდა, მწიგნობრობას მისდევდა, შვილებს ასწავლიდა. ვაჟი კი ბრძოლის ველზე იდგა, სამშობლოს უდარაჯებდა, სისხლს ღვრიდა, ენასა და სარწმუნოებას იცავდა.

დრონი იცვალენ. დაუცხრომელმა ბრძოლამ და სისხლისღვრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაასუსტა ჩვენი ერი, ლოგინად ჩააგდო და საფლავის პირად მიიყვანა იგი. დამოუკიდებელი არსებობის განგრძობის იმედი აღარ იყო. რა უნდა ექნათ ჩვენს წინაპრებს? დროთა ტრიალმა ძნელი საკითხავის გადაჭრა არგუნა მათ. ეს იყო ჩვენი ერის “ყოფნა – არ ყოფნის” გადაჭრა. ყოფნა? – დამოუკიდებლად არ შეიძლება და დამოკიდებული ყოფა რა ყოფაა”_ო – სჯიდნენ ჩვენი წინაპრები. ამასვე ჩაჩურჩულებდათ მათ ყურში შოთას აჩრდილიც.
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანიო”
ესმოდათ ერთი მხრით.
“საცა არ სჯობს, გაცლა სჯობს
კარგისა ვაჟკაცისაგანა”_ო, ეუბნებოდა ესევე ხმა.
უკანასკნელი ისმინეს ჩვენმა წინაპრებმა და მიენდვნენ ძლიერი მეზობლის საფარველს, დაიმსხვრა ჩვენი ცხოვრების ჩარხი… მოხდა ძირითადი ცვლილება. ქართველი უზრუნველყოფილი გახდა გარეშე მტრების შემოსევისაგან, იგი დაქანცულ_დაღალული მიეცა მოსვენებას, ძილს… ჩვენში შემოვიდა უცხო წესრიგი, ზნე_ჩვეულება და სხვადასხვა შეუფერებელი გარემოება. აჭრელდა, აირია ცხოვრება. ქართველმა იარაღი აიყარა და კერას მიუჯდა: მწიგნობრობა და შვილების აღზრდა ოჯახიდან სკოლაში გადავიდა; დედაენა ჩამოქვეითდა. დადგა გარდამავალი ხანა. მოგეხსენებათ, თუ რა ძნელია ეს დრო, განსაკუთრებით ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ერისათვის. ეს ის დროა, როდესაც ერის ცხოვრებაში ყველაფერი ნელ_ნელა და შეუმჩნევლად შედის. ან კი რა უნდა შევიმჩნიოთ, მაგალითად?! ჩვენ როცა თვალდათვალ ვხედავთ, როცა ცოლ_შვილს არავინ გვიჟლეტს, ოჯახს არავინ გვინგრევს, პირ აქეთ კიდევაც გვეალერსებიან და გვესიყვარულებიან. თავდაპირველად ვინ მიხვდება, ვინ დაუკვირდება, რომ ეს სენია, რომელიც ნელ_ნელა ღრღნის გულსა და ღვიძლს და დასასრულს აჭლექებს კიდეც ადამიანს. სენს გამკლავება გამოჩენისთანავე უნდა, თორემ მოგეხსენებათ, მერე ყოველივე ამაოა.
დრო არის შევიგნოთ ჩვენი ასეთი მდგომარეობა! დროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ჩამოქვეითებული და დაძაბუნებული ვართ! საჭიროა მივხვდეთ, რომ ჩვენი დროის შესაფერისი იარაღი არ გვიპყრია ხელთ და ამ დღეშიაც ამისთვის ვართ ჩაცვინული!
რას მოგვიტანს, რომ შენ_ჩემობაზე ვიმტვრიოთ თავი? რა შეგვემატება, რომ ქალები და თუნდ კაცები ვაღიაროთ ბრალდებულებათ?! ნუ, ნუ ვიზამთ ამას!
“რას იწუხებთ თავს, როცა ცნობილია, რომ ბუნების კანონს ვერავინ და ვერა რა გადაეღობება წინ… ჩვენ არ მოგახსენებთ, რომ ქართველ ერს ცხოვრების ნიშან-წყალი გამოელია მეთქი? იგი მხოლოდ ავად არის და სასიკვდილო არა ჭირს რა… მართალია, მეცნიერებს ნახული არ აქვთ ჯერ ყველა სენის უებარი წამალი, მარა მერმისში უსათუოდ გამოიკვლევენ. ექიმებმა ახლაც იციან ხოლმე სენის ცნობა; ისინი ახლაც ატყობენ ხოლმე ავადმყოფს, მოსარჩენია თუ არა. ყური დაუგდეთ, რას ამბობენ ისინი (ექიმები) ჩვენს ძვირფას ავადმყოფებზე, მაშინაც კი, როცა მას სულის თქმაც ძლივსღა ეტყობა.
“არ მომკვდარა! მხოლოდ ძინავს
და ისევე გაიღვიძებსო!…”
მაგრამ, უნდა ვთქვათ, დიდი ხანია კი ძინავს, რის გამოც პოეტი გულნატკენად გაიძახის:
“ოჰ! ღმერთო ჩემო! სულ ძილი ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”_
ჩვენ ვხედავთ, რომ დაცემული ვართ, მაგრამ ესეც საჭიროა ვიცოდეთ:
“რომ დაცემული არის ორგვარი
ერთს სურს აღდგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!”
ჩვენ უნდა მივბაძოთ, რასაკვირველია, პირველს!
ამ საერთო საქმეს განურჩევლად უნდა ვეწეოდეთ ყველა: ქალი და კაცი, დიდი და პატარა, უფროსი და უმცროსი, ღარიბი და მდიდარი. ამისათვის საჭიროა ერთმანეთის გაცნობა და დაახლოვება, ერთობა და ძმური განწყობილება.
რას შევყურებთ მასწავლებლებს? განა ცოტა მაგალითია, იმისი, რომ უმასწავლებლოდ, თავისთავადაც შეიძლება სწავლა_განათლება? სკოლაში ის ვისწავლოთ, რასაც გვასწავლიან, ხოლო რასაც იქ ადგილი არ აქვს, ის თვით ჩვენ გამოვძებოთ და შევითვისოთ; აბა, ვინ არის ისეთი, რომ მარტო სკოლაში გაგონილს დაჯერდა და ცხოვრებაში კვალი გაავლო? განა მასწავლებელი იმას ჰქვია, ვისაც ფრაკი აცვია და დავთრით შემოდის სკოლაში? რომელი სასწავლებელი და მასწავლებელი ჯობია შეგნებულს, განვითარებულ საზოგადოებას? და, აი, ჩვენი ვალია შევქმნათ ასეთი საზოგადოება!
მაგრამ, ვაი, რას ვამბობ! ჩვენ განა რამეს ვცდილობთ? ჩვენ განა რამეს ვაკეთებთ? ჩვენ განა შეგნებული გვაქვს, რომ:
“მარტო ლექსით ვერას შევძლებთ
ჩვენ წალკოტის აყვავებას?
საქმე გვინდა, ერთად შევკრბეთ.”

წყარო: სალიტერატურო და სამეცნიერო ნახატებიანი გაზეთი “კვალი”
1894 წლის 11 დეკემბერი.

ავტორი:ზურმუხტისთვალება

https://intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share