ჟურნალისტი და ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს რომ ტექსტი, რომელიც უშუალოდ ოსი დები და ძმებისთვის ბოდიშის მოხდას ეხებოდა ივანიშვილის დაწერილი არ იყო და მას ის ეფესბედან მიაწოდეს:
“ბევრი დანაშაულებრივი რამე თქვა ივანიშვილმა, მაგრამ ბევრიც აბსურდი. აი ეს ფრაზა, რომელიც ივანიშვილმა თქვა, ნათლად მეტყველებს, რომ ეს ტექსტი არათუ მას არ დაუწერია, არამედ საერთოდ ქართველს არ დაუწერია და ეფესბედან მიაწოდეს. არ ვიცი, შეიძლება თარგმნისას შეეშალათ რამე აქაურებს, ან სუფლიორმა აურია.
“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“
ანუ, ამ ვერსიით, გამოდის რომ 2008 წლამდე ქართველებს და ოსებს ძმობა, თანაცხოვრება და სიამტკბილობა ქონდათ და მიშამ აურია? თუ უფრო შორეულ წარსულში უმიზნებს? იქნებ გამსახურდიას გასამართლებასაც აპირებს? და საერთოდაც, ემოციებს მოვეშვათ და კარგად დავუკვირდეთ რა თქვა, როგორც გორში, ასევე მანამდე რამდენჯერმე – ე. წ. “გარე ძალებს“, ანუ დასავლეთს აბრალებს ყველაფერს ჯერ კიდევ 90–იანებიდან. რუსეთის გაპრავება აქვს გადაწყვეტილი სუუულ თავიდან ბოლომდე. “ბოდიში“ მხოლოდ ფაზლის ერთი პატარა დეტალია და მთელ აქცენტს მაგაზე ნუ გადავიტანთ.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა რომ “უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ამ სიტყვებს გორში პროტესტი მოჰყვა. ივანიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 15 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან მათ აქცია იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.