“ჩვენ მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდეთ კომენდატის საათში, რადგან კოვიდს და ინფექაციას ივანიშვილი იყენებს გამდიდრებისა და ჩვენი სახლში ჩაკეტვისთვის, რათა მის რეჟიმს საფრთხე არ დაექმუროს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებასა და გირაოს გადაუხდელობასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მელიამ გირაოს თანხა არ უნდა გადაიხადოს, რადგან რაც მეტ პოლიტიკოსს დაიჭერენ, “ქართული ოცნება” უფრო მალე დაემხობა.
“არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო, ვისთან აქვს საქმე და ვის უჭერს მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.