ჩვენ ვდგავართ სასიცოცხლო აუცილებლობის წინაში ოპოზიციური სპექტრის თვისობრივი განახლების, თანაც არა ისე, რომ ფერუმარილისთვის ერთი ორი ადამიანი შეიყვანონ ამა თუ ოპოზიციურ პარტიაში ასაკობრივი ცენზის მიხედვით, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ მსგავსი შედეგი იმიტომ მიიღო, რომ ლიდერობას ვერ ელევა ზოგიერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში აღარ აქვს ისეთი მხარდაჭერა და რეიტინგი, რომელიც მათ პარტიებს განვითარების საშუალებას მისცემს.
„პრობლემები, რომლებიც „ევროპულ საქართველოშია“, დიდწილად იდენტურია თითქმის ყველა ოპოზიციურ პოლიტიურ პარტიაში. დღეს ეს შედეგი ოპოზიციამ იცით რატომ მიიღო? იმიტომ, რომ ლიდერობას ვერ ელევა ბევრი ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც საზოგადოებაში აღარ აქვს იმ ტიპის მხარდაჭერა და რეიტინგი, რომელიც მათ პარტიას განვითარების საშუალებას მისცემდა.
მე გვარებზე აქცენტს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ თითქმის ყველა პარტიაში არის იდენტური პრობლემები და პირველ რიგში, უნდა შეიცვალონ ის ადამიანები, რომლებმაც, ზოგმა ძალიან დადებითი, ზოგმა უარყოფითი წვლილი შეიტანა თავისი ყოფნით პოლიტიკაში, მაგრამ ის ცოცხალი ორგანიზმია და დროა სხვებმა ჩაანაცვლონ. ეს რესურსი ამოიწურა და ამას თუ ობიექტურად ფართოდ გახელილი თვალებით არ შეხედეს, არაფერი არ ეშველება. ეს მათი პრობლემაა, თორემ გლობალურად, ქართული პოლიტიკის პრობლემა არ არის და არც საზოგადოების, წავლენ ისინი და მოვლენ სხვები, ცარიელი ქართული პოლიტიკური ველი არ დარჩება, უბრალოდ ეს მათთვის იქნება ძალიან მტკივნეული, რომ მოუწევთ ცალკეულ პიროვნებებს თუ პარტიებს მთლიანად ჩაბარდნენ ისტორიას, ამიტომ ეს პირველი რიგის ამოცანაა, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ,“ – განაცხადა ლაგაზიძემ.