ნიკა კვიტატიანი, რომელიც პოლიციამ დაუმორჩილებლობის აქციაზე ყოფნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა, აპირებს, რომ აღსრულებას ჯარიმის სანაცვლოდ ძროხა გადასცეს. აქცია კომენდანტის საათის დროს დემონსტრაციულად იმართებოდა და აქტივისტები შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.
“6 თებერვალს ვიყავი დაუმორჩილებლობის აქციაზე, ამის გამო დავჯარიმდი 2 000 ლარით. აქციის შემდეგ დამირეკა პოლიციამ და მითხრა, დაჯარიმებული ხარო. მე ვაპირებ, რომ გავასაჩივრო და თუ უკვე აღსრულებამდე მივა საქმე, გადავცემ ძროხას. როცა გასაჩივრდება, თუ დაჩქარდა ყველაფერი და აღსრულებამდე მივიდა საქმე მალევე, 2 000 ლარის ფარგლებში უნდა წაიღონ ნივთი სახლიდან. მე ძროხას ვატან”, — განუცხადა მან On.ge-ს.
6 თებერვლის დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილია იყო. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება იყო. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ ქვეყნის გახსნას და ბიზნესისთვის მუშაობის აღდგენის უფლებას.