საქართველოს პრეზიდენტი “ტვ პირველისთვის” მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კომუნიკაციის დეტალებს ჰყვება. სალომე ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძეს უთხრა, რომ “ქართული ოცნების” ამჟამინდელ საპატიო თავმჯდომარესთან ბოლო კომუნიკაცია 2022 წლის ივნისში ჰქონდა, როცა ივანიშვილს სთხოვა, აეხსნა რა ხდებოდა ქვეყანაში, რადგან ზურაბიშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაუგებრობას.
”მე ბოლო კომუნიკაცია მქონდა 2022 წლის ივნისში, როცა ვთხოვე, რომ იმდენი რამე ხდება ჩემთვის ტოტალურად გაუგებარი, – თებერვალი გავიდა, სანქციების ამბავი და ა.შ., – რომ მე მჭირდება, თქვენგან მოვისმინო რა ხდება, თქვენი ახსნა მთელი ამ მოვლენებისა რა არის-მეთქი. პასუხი არ მიმიღია. მივიღე კოპიო პასუხისა, რაც გაგზავნილი იყო ამერიკის ელჩისათვის“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის მზად არის, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს და მოუსმინოს. მეტიც, ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადაინაცვლებს, ის მის უფლებებსაც დაიცავს.
„გაწყვიტა ყველანაირი კავშირი, კომუნიკაცია. ყოველთვის მზად ვარ, მოვუსმინო ყველას და საინტერესოა, რა შეიძლება დღეს უნდოდეს… ქვეყნის მშვიდობისთვის ყოველთვის არსებობს ისტორიაში, როცა ხელმძღვანელ პარტიას სჭირდება რაღაც გარანტიები, თუ რა მოხდება იმის შემდეგ, რაც აგებს“ – დასძინა პრეზიდენტმა.