“თავდასხმა, სიძულვილის ენის გავრცელება და ზიზღის პლაკატების ჩამოკიდება “ქართული ოცნების” სტილია” – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი შეძლებს, რომ “ანტიქართულმა, პრორუსულმა” გუნდმა ძალაუფლება დაკარგოს.
”ვფიქრობ, რომ ვითარება არის აბსოლუტურად დამაიმედებელი და გამსჭვალული ამ ქვეყნის მომავლის ბედით. ერთადერთი, ვინც ძაბავს ვითარებას მუდმივად, ეს არის ”ქართული ოცნება” პროვოცირებით, თავდასხმებით, პლაკატების ჩამოხევით, სიძულვილს და ზიზღის პლაკატების ჩამოკიდებით. მას დარჩა 12 დღე. ცხადია, ჩვენ ამას ვპასუხობთ სიმშვიდით, ერთიანობით, კონსოლიდაციით, რაც მთავარია განწყობა, რომელიც ახლა ქუთაისში არის, უკიდურესად პოზიტიური და იმედიანი. სწორედ ქუთაისი იქნება მაგალითი, როგორ უნდა უპასუხო მოძალადე ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ამ ქალაქისთვის, ამ ქვეყნისთვის 12 წლის განმავლობაში. როგორ უნდა უპასუხოს ასეთ პრორუსულ, ანტიქართულ, ანტიევროპულ ხელისუფლებას, ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.