2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 000-მდე მოქალაქიდან 70% 30 წლამდე ასაკისაა, 43% – 15 წლამდე ბავშვია

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს –  გასულ წელს, იმაზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე დაბრუნდა.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 ათასამდე მოქალაქიდან  70%  – 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% – 15 წლამდე ბავშვია.

მომავალი თაობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება რომ განსაკუთრებული პრობლემაა ეს კარგად ესმით ეკონომისტებს. საგანგაშო სტატისტიკას კი ქვეყნის მთავრად საფრთხედ ასახელებენ. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნის საუკეთესო გენოფონდი, ახალგაზრდები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის – სამშობლოს დატოვებას ამ ტემპებით გააგრძელებს, საქართველო გარდაუვალი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დადგება.

საგანგაშოა, საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც, ბოლო ერთ წელში რუსეთის 74 ათასამდე   მოქალაქე  შემოვიდა და ჩვენს ქვეყანაში დასახლდა. პარალელურად კი საერთო ჯამში, ბოლო 10 წელში ემიგრაციაში წავიდა 815 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში  265 ათასით ნაკლები – 550,919 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

მიუხედავად საგანგაშო ციფრებისა, ემიგრაციაში მცხოვრები ახალგაზრდები 26 ოქტომბრის მოახლოებულ არჩევნებს იმედით უყურებენ და ფიქრობენ რომ ცვლილებების შემდეგ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share