საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ეს საკითხი განიხილებოდა შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შორის გაიმართა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება და 3 თვეს გასტანს. დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეების დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე მოხდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გაივლის.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18-დან 60 წლამდე ასაკის და უნდა შეეძლოს ინგლისურ ან გერმანულ ენაზე ელემენტარულ დონეზე კომუნიკაცია. საჭიროა ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა და მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, 3 თვით ადრე ნამყოფი არ უნდა იყოს შენგენის სივრცეში სამოგზაუროდ.
რაც შეეხება პირობებს, დასაქმების ხანგრძლივობაა ხუთი-ექვსი დღე კვირაში და რვა-ათი საათი დღეში, მინიმალური ხელფასი 9, 50 ევრო საათში, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებელი ხარჯები.
“გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით და ამას ვაკეთებთ იმ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით რთულ სოციალურ პირობებში, რაც ამ პანდემიამ წარმოქმნა. მოუთმენლად ველი შედეგებს ამ პროექტიდან“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მინისტრ ტიკარაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს შორის 2020 წლის 17 იანვარს გაფორმდა. ამ შეთანხმებით შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისათვის.