“მერმა მითხრა-შენ რაღაში მჭირდებიო…” – როგორ დასცინეს თანამშრომლებს ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებაში

“სარიშვილმა მითხრა, ლანჩხუთში უნდა იმუშაოს ლანჩხუთელმა და არა ჩოხატაურელმაო. 12 წელი რომ იმდენი საქმე გავაკეთე, ეს არაფერში არ გამოჩნდა. არაკანონიერად გამომიშვეს. არც ის ვიცი, ბრძანება დღემდე თუ არსებობს ჩემი გათავისუფლების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, მე ხელი არაფერზე არ მომიწერია”-ჰყვება “გურიის მოამბესთან” ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ავთანდილ მახარაძე, რომელიც ერთერთია იმ რამდენიმე თანამშრომლიდან, რომელიც ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილისა და კულტურის გაერთიანებათა ხელმძღვანელს, დავით წერეთელს დისკრიმინაციასა და უსამართლო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს (“გურიის მოამბეს” არა ერთი მასალა მოუმზადებია გაერთიანებაში არსებულ უსამართლო და ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ავტ.).
ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად თუ რა მოტივით მოხდა მისი გათავისუფლება ლანჩხუთის კულტურის ცენტრიდან, ის ასე გვპასუხობს: “კარგი რომ გავაკეთე ყველაფერი, ალბათ ამიტომ”.
ავთო მახარაძე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში 12 წელი მუშაობდა. სამი წლის წინ კი, როგორც თავად გვიყვება, საკუთარ კაბინეტში ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დაიბარა და უცნაური გადაწყვეტილება ამცნო, რომ მას სამსახური მხოლოდ იმიტომ უნდა დაეტოვებინა, რომ ჩოხატაურის მკვიდრია. მანამდე კი, იყო ნიადაგის მომზადება, თუ როგორ მოეშორებინა მერს თავიდან კულტურის სამსახურის არასასურველი თანამშრომლები:
“ყველაფერი დაიწყო ხელფასის შემცირებით, ანუ ნიადაგის მზადება აქედან დაიწყო. 550 ლარი მქონდა ხელფასი, შემდეგ ჩამოიყვანეს 200 ლარზე, მე ჩოხატაურიდან დავდიოდი ლანჩხუთში და ალბათ კარგად იცით ეს თანხა რაში იქნებოდა საკმარისი. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მითქვამს, რომ დავტოვებდი სამსახურს, რადგან ჩემი საქმე მიყვარდა ძალიან და მართლა კაცურად ვაკეთებდი ყველაფერს. ის 200 ლარიც აღარ მომცეს. მე ავად გავხდი, ჩემს შვილს ინსულტი მოუვიდა და სწორედ მაშინ შემიწყვიტეს ხელფასი. ყველამ იცოდა ჩემმა თანამშრომლებმა და გაერთიანების ხელმძღვანელმაც, რომ შვილი მყავდა ცუდად, ოთხი წელია უკვე ვებრძვით ამ ავადმყოფობას, ამის გამო ბანკებიდან მქონდა სესხები გამოტანილი და ეს ხელფასი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ფაქტობრივად მთელი ოჯახი ჩემს შემოსავალზე იყო დამოკიდებული. ერთი კვირის წინ გავუკეთეთ შვილს ბოლო ოპერაცია და ახლაც რეაბილიტაციას გადის ბათუმში, კლინიკა “მედინაში”. ჩემი მეუღლეც ამდენი ნერვიულობით ავადმყოფობს და მუდმივად მედიკამენტოზურ მკურნალობაზეა. მერისთვის ამის ახსნას რა აზრი ჰქონდა, ისეთი სიტყვა მაკადრა. ”
როგორც მახარაძე გვიყვება, ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებიდან თითქმის ყველა ის კადრი მოიშორეს, ვისაც რეალურად საქმის კეთება შეეძლო და კულტურა ესმოდა. დღეს კი, მისივე მტკიცებით, ყველაფერი მოშლილი და განადგურებულია:
“რამდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანი გაუშვეს ცენტრიდან მაშინ. მელის ნადირიძე, გია ფირცხალაიშვილი, ქალბატონი ადელინა, მისი მეუღლე…ჯერ თქვეს, კადრები უნდა შევამციროთ, რეორგანიზაცია გვაქვსო და ამ მოტივით დაითხოვეს რამდენიმე, მე რომ გამომიშვეს, მაგალითად, 13 კაცი მერე მიიღეს ახალი და დანიშნეს იქ. ხომ იცით ქართველებს გვჩვევია სამსახურებში ბიძაშვილების, ნათესავების, საძმაკაცოს დანიშვნები, ასე მოხდა იქაც. ის ახლანდელი ხელმძღვანელი, დავით წერეთელიც მისი ახლობელია მე როგორც ვიცი. არადა, ბათუმელია ეს კაცი, რატომ არ უთხრა მერმა-რა უნდა ლანჩხუთში ბათუმელსო? ან რა იცის მსახიობმა ფოლკლორი და ქორეოგრაფია? რაში მოიყვანეს ეს კაცი არ ვიცი. დაინგრა აშენებული კულტურის ცენტრი. ყველაფერი დაქცეულია ახლა. ანსამბლი იყო მხედრები”, იმხელა წარმატება ჰქონდა… ახლა მკვდარია ყველაფერი. მართლა განადგურებული. ამიტომაცაა დაქცეული და ჩამკვდარი იქ ყველაფერი.
თურქიები ყავს კიდე მერს იქ ნათესავები, ისინიც დასაქმებულები ყავს”-გვიყვება რესპონდენტი, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან ნაწყენიცაა და გაბრაზებულიც და ეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახური დაატოვებინეს, არამედ იმისთვის, თუ რა უსამართლო ფორმით მოხდა მისი მთელი 12-წლიანი შრომის დაუფასებლობა: “ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. დაგვცინა მერმა, მეც და ყველა იმ ადამიანს, ვის დისკრიმინაციასაც ჰქონდა ადგილი. ჩოხატაურელს რა უნდა ლანჩხუთში და ოზურგეთელსო, მე და მელის ნადირიძე ამისთვის გაგვათავისუფლეს და 6 ოზურგეთელი ჰყავთ ახლა ანსამბლში, ბათუმელი ხელმძღვანელად..მე ამ ადამიანებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ეს შერჩევითი მიდგომები და უპატივცემულობა არ დაგვიმსახურებია. შენ რაღაში მჭირდები, ხომ აღზარდე ეს ლოტბარები და ერთ-ერთი შენი მოსწავლე დაიკავებს შენს ადგილსო…რაღაში მჭირდებიო მერი რომ გეტყვის… ის თუ იცის სარიშვილმა საერთოდ , ვის ჩააბარა ეს დარგები? აზრზე რომ არაა უმრავლესობა არაფრის.
სარიშვილს რომ ჩემთვის ასეთი რამ არ ეკადრებია და არ ეთქვა, მარტო კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვერაფერს ვერ მიზამდა. ანსამბლი გამოვაჩინე, რაიონი გამოვაჩინე და გამომაგდეს იქედან, ეს კაცობაა? ადელინა იყო იქ, შესანიშნავი ქალბატონი ჩემთან ერთად იყო კაბინეტში როცა სარიშვილი მელაპარაკებოდა. ეს ადელინა ეუბნებოდა-,კარგი კადრია, გვჭირდება ეს აქო და რამდენიმე დღეში ისიც უკან მომაყოლეს”.
მახარაძის მსგავსად, ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებიდან თავხედური მოტივით გათავისუფლებაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს “გურიის მოამვესთან”, რომელსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
რამდენიმე მათგანმა მერისა და კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელის მიმართ სასამართლოს სარჩელითაც მიმართა და პროცესები მოიგეს კიდეც.
“ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს დისკრიმინაციაში მხილებული დირექტორი და აქედან გამომდინარე, მასზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა მისი უმოქმედობიდან გამომდინარე ეკისრება მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს”-ასეთია იმ ადამიანების შეფასებები, რომლებსაც სამსახური იმის გამო დაატოვებინეს, რომ “აღარ სჭირდებოდათ” და ეს არ დაჭირვებაც იმით გამოიხატებოდა, რომ ხელფასი და შტატი სჭირდებოდათ ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისა და ახლობლის მეგობრებისთვის. სწორედ ამის დასტრური იყო ის, რომ რეორგანიზაცია-შტატების შემცირების მოტივით დაწყებული არასასურველი კადრების გაშვების შემდეგ, იმაზე მეტი ახალი კადრი მიიყვანეს იქ, ვიდრე შემცირებამდე იყო.
გაერთიანების თანამშრომლებს, სანამ სახლში გაუშვებდნენ, არა ერთი უშედეგო შეხვედრა ჰქონდათ ლანჩხუთის მერთან, გაერთიანებაში არსებულ აუტანელ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა მერის მხრიდან მიღებული დაპირება, რომ მის მიერ შექმნილი კომისია ყველაფერს შეისწავლიდა, დაპირებად დარჩა.
“გურიის მოამბე” აგრძელებს ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებაში არსებულ მდგომარეობაზე მუშაობას. მოპოვებულ ინფორმაციებს ჩვენს მკითხველებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share