საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.
“ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი. დღეს რეჟიმის მარინეტებმა გამოგვიცხადეს, რომ საქართველო აღარ არის ევროპული მისწრაფების ქვეყანა.
გამოვიდეთ ქუჩაში და ქუჩის აქციების გზით დავასრულოთ ეს ხელისუფლება. სხვა არანაირი არჩევანი გვაქვს”, – განაცხადა ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ქადაგიძემ.
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილის თქმით, კობახიძის განცხადების ნარატივით ქართულ ოცნებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
“ერთადერთი გამოსავალი ასეთ პოლიტიკურ ქაოსში არის ერთიანობა. მსგავსი მოღალატე პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიას არ ჰყოლია. ის ნარატივი, რაც დღეს კობახიძემ გაავრცელა, ეს იყო ღიად ნათქვამი, რომ მათ ქვეყანა მიჰყავთ რუსეთისკენ”, – განაცხადა ზუგდიდში აქციის მონაწილემ.
ბათუმში მიმდინარე საპორტესტო აქციის მონაწილემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 12 წელია მიზანმიმართულად მიდის რუსეთისკენ.
“12 წელია უკვე ხელისუფლება ამას აკეთებს. მიზანმიმართულად მიდის რუსეთისკენ. ყველანაირი გზა მოჭრა ევროპისკენ და დღეს საბოლოოდ, ოფიციალურად განგვიცხადა ე.წ. პრემიერმინისტრმა, რომ გზა ევროპისკენ დამთავრებულია”, – თქვა ბათუმში მოქალაქემ საპროტესტო აქციისას.
ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილემ თქვა, რომ
“ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ, რომ ის, რაც ქართულმა ოცნებამ დღეს ჩაიდინა, მხოლოდ აგონიაში მყოფი ძალა აკეთებს. [..]
დღეს, ჩვენ აქ გამოვედით სიმბოლურად, ემოციებს სახლში ვერ მოვთოკავდით, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ შავბნელი დღეები ეწყება ხვალიდან”, – განაცხადა ქუთაისში აქციაზე მყოფმა მოქალაქემ.