თვითმმარველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო მზადება, ოპოზიციას კი დოყლაპიასავით პირი დაუღია და ამბობს არჩევნები არ გვინდაო-აცხადებს „რეზონანსთან” პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. “ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, „ქართული ოცნება” მეტ ლეგიტიმურობას მოიპოვებს. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და 2024 წლამდე იქნება სრული პოლიტიკური სიჩუმე. „ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. გახარია პოზიციებს ამყარებს და თავის ხალხს ნიშნავს გუბერნიებში. კალაძე გამოდის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ლაპარაკობს. აგერ ნახავთ, ოქტომბრისთვის თბილისის თავზე სულ აერობუსები იფრენენ. ოპოზიციას კი დოყლაპიასავით პირი დაუღია და იძახის, არჩევნები არ გვინდაო. ოპოზიციის პირველი ამოცანა დღეს უნდა იყოს ადგილობრივი არჩევნები. უნდა თქვას, მივდივართ არჩევნებზე, ვინაწილებთ რეგიონებს და ერთმანეთს ვუჭერს მხარს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. მათი თქმით, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის განმუხტული და ხელისუფლება ჯერ რიგგარეშე არჩევნებზე უნდა ჩამოყალიბდეს.