რას ეუბნებით უფალს? – სასულიერო პირი სპეცრაზმთან მივიდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმებთან სასულიერო პირი მივიდა.

მამაომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა არ გამოიყენონ.

”ნუ გამოხატავთ ნურავინ აგრესიას, უმორჩილესად გთხოვთ. ქაოსს, აგრესიას, ერთმანეთთან დაპირისპირებას არაფერი კარგი არ მოუტანია. იქ, სათავეში რომ ხალხის დგას, ერთ-ერთს მაინც გაახსენდეს, რომ მამაო ჩვენო მაინც თქვათ. ილოცეთ, ლოცვა გადაარჩენს ქართველ ერს. შვილო, მითხარით, ეკლესიაში რომ შეხვალთ, რას ეუბნებით უფალს? გთხოვთ დასდეთ პატივი უფალს, ქრისტიანობას”, – ამბობს მამაო.

ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. “პირველებმა” ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი.

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე – გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share