საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა რევოლუციამდე მოახდინოს ესკალაცია, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ “ამაზე არაფერი მიუთითებს”.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებს მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებენ.
”ამაზე არაფერი მიუთითებს, ვინაიდან ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან. ისინი ორ რამეს მოითხოვენ: მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. სხვა არანაირი სახის არავითარი მოწოდება არ არის და ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად იყო, სანამ პროტესტის ძალადობრივად დარბევა არ დაიწყო. თქვენ, ალბათ, ნახეთ ამის ფოტოები.
ამისდა მიუხედავად, პროტესტი ასევე გრძელდება იურიდიული ფორმებით – ადვოკატები იღებენ იმ დემონსტრანტების საქმეებს, რომლებიც სცემეს.
ასე რომ, ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ქვეყანა ვართ, კანონმორჩილებად უნდა დავრჩეთ და კონსტიტუციურ ფარგლებში დავრჩეთ. ვინც ახლა ბევრი რამით კონსტიტუციურ ფარგლებს მიღმა იმყოფებიან, არიან დე ფაქტო ლიდერები, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გაჩნდნენ. ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას და ამისკენ უნდა დავაბრუნოთ და დავაბრუნოთ ქვეყანა მის კანონიერ ევროპულ გზაზე,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.