ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება – ამ სიტყვებით ეხმაურება ხაშურისა და სურამის ეპისკოპოს, მეუფე სვიმეონი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზს.
როგორც სასულიერო პირმა ქადაგების დროს თქვა, საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.
“ძალადობის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ დავალებას”- ამბობს მაღალი იერარქი.
”საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. საღმთო რჯულს ეწინააღმდეგება, როცა ადამიანებს ისე ვექცევით, როგორც არ გვინდა ჩვენ მოგვექცნენ. როგორ წარმოგიდგენიათ, იქ რომელიმე პოლიტიკოსის შვილი რომ იყოს გამოსული იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაა გამოსული, ვინმე ესვრის და გალახავს?! სამწუხაროა, რომ ამ ძალადობის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ დავალებას. ისიც ადამიანია, ისიც ქრისტიანია, სადღაც შეიძლება ეკლესიის სადღეგრძელოსაც ამბობენ, შვილების, მშობლების, სამშობლოსი და შემდეგ სასიკვდილოდ სცემენ და იმეტებენ ქართველი ერის გენოფონდს“, – ამბობს ეპისკოპოსი.
მეუფე საზოგადოებას ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ ქმედებებით, რაც რუსთაველზე ხდება, საკუთარ შვილებს ვებრძვით.
”ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ ჩვენს შვილებს ვებრძვით, ეს არის ჭეშმარიტება და ეს არის სიმართლე! ასეთი საქციელი ახალგაზრდების მიმართ, ეს არის სუფთა რუსული დამოკიდებულება”, – ამბობს ქადაგებაში სასულიერო პირი.
მისი თქმით, მას გული სტკივა და მიაჩნია, რომ არანაირი სიცოცხლე, თანამდებობა და იერარქია არ უღირს, რომ ქვეყანაში თაობები ჩაიხოცნენ და დაიჩაგრნენ.