ვის ეკუთვნის მიმართვა – „არა ძალადობას!“
—————————————————-
როდესაც ვწერთ: „არა ძალადობას!“, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ!
ძალადობის დაწყებას და ესკალაციას მთელ საქართველოში ჰყავს მხოლოდ ერთი ავტორი – საქართველოს მთავრობაზე პრეტენზიის მქონე, უკვე ყველანაირი იურიდიული ლეგიტიმაციის ფარგლებიდან გასული, დე-ფაქტო ძალაუფლების მფლობელი ფსევდო-პოლიტიკური ძალა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გაერთიანება, რომელიც უკვე წლებია საუბრობს სიძულვილის ენით. გაიხსენეთ საქართველოს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, დედაქალაქის მერის, მინისტრების, პარლამენტარების ლექსიკა. ცინიზმი, სკაბრეზი, მუქარა უკვე წლებია განუწყვეტლად იღვრება მმართველი ფსევდო-პოლიტიკური ძალის ყველა სახის პოლიტიკური ტრიბუნიდან და საინფორმაციო საშუალებებიდან, რამაც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი უკიდურესობამდე მიიყვანა. სწორედ ამაზე გვაფრთხილებდნენ ევროკავშირის ლიდერები, როცა ჩვენს ე.წ. მთავრობას არაერთხელ მიუთითეს დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე და სავალდებულო ამოცანად დაუსახეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად. სწორედ ამის შესახებ, წლების განმავლობაში დაუღალავად და დაჟინებით ვაფრთხილდებდით „ქართულ ოცნებას“ ყველა პასუხისმგებლიანი ქართველი, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე საზღვარგარეთიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში ვერ გააცნობიერა, რომ ისინი წარმოადგენდნენ მთელი ქვეყნის, საქართველოს ყოველი მოქალაქის მთავრობას და არა მხოლოდ თავიანთი პარტიული მხარდამჭერების. 12 წლის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად ეს აბსურდული ფსევდო-პოლიტიკური გაუგებრობა, რადგან ნულოვანი ძალისხმევა ჰქონდა ამ მიმართულებით.
„ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მთლიანად დაიცალა ისედაც ძუნწად წარმოდგენილი ინტელექტით და საბოლოოდ გამოკრისტალდა ძალადობის, პრიმიტივიზმის, უვიცობის, სიბრიყვის კვინტესენციად. ამ წარმონაქმნმა 26 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით დაასრულა თავისი იურიდიული ლეგიტიმაციის ბოლო ნაშთები.
თავისი შინაარსით „ქართული ოცნება“ უკვე ვეღარასოდეს იქნება წოდებული საქართველოს მთავრობად. ეს გამორიცხულია!
შესაბამისად, თბილისის ქუჩებში, მთელ საქართველოში მიმდინარე უბოროტეს, ძალადობრივ პროცესებს ჰყავს ერთადერთი უპირობო პასუხისმგებელი. ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი მმართველი ვერტიკალი. ეს რეალობა უკვე შესაბამისად შეაფასეს მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა თავიანთი რადიკალური პოლიტიკური დემარშებით.
„ქართულ ოცნებას“ და მის შემქმნელ დიქტატორს პრაქტიკულად უკანასკნელი შანსები რჩებათ კრიმინალური ხუნტის საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსის მოპოვებისაგან თავდასახსნელად, რომლის შემდეგაც მისი მმართველი ვერტიკალი კანონგარეშედ გამოცხადდება მთელ დემოკრატიულ სამყაროში. ეს არის ამჟამინდელი, უკვე შეუქცევადი პოლიტიკური რეალობა.
საქართველოს ყველა პასუხისმგებლიან, მოაზროვნე მოქალაქეს ევალება ამ რეალობის გააზრება და შესაბამისად ადეკვატური მოქმედება. უმაღლესი სასამართლო-იურიდიული სისტემის იურისტებს დაეკისრებათ განსაკუთრებით მკაცრი პასუხისმგებლობა, თუ მიმდინარე მოვლენები სრულად გავა პოლიტიკური ინსტიტუტების ჩარჩოებიდან. ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელმა პატიოსანმა პროფესიონალებმა უნდა აჩვენონ, რომ ჯერ კიდევ გვქვია სახელმწიფო და კიდევ გვაქვს რესურსი, დავრჩეთ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის სუბიექტად.
„არა ძალადობას!“ – ეხება მხოლოდ „ქართული ოცნების“ აწ უკვე პარა-კრიმინალურ სინდიკატს. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის კონსტიტუციისადმი ერთგულება და პატივისცემა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ანიჭებს უზენაეს იურიდიულ და მორალურ უფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება მათ დასაცავად და ეს პროცესი არ და ვერ იქნება ფორმულირებული როგორც ძალადობა, საერთაშორისო სამართლის ბაზისური პრინციპების მიხედვით.
მეტი დაფიქრების საშუალება აღარ გვექნება და აღარ გექნებათ.
საქართველო ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.
ეს ქვეყანა იყო, არის და გააგრძელებს ღირსეულ არსებობას, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი.
ნებისმიერი ინდივიდი თუ ინდივიდთა ჯგუფი, რომელიც ამ პროცესის შეჩერებას შეეცდება, უმკაცრესად აგებს პასუხს!