კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე ემიჯნება და წერს, რომ “რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია”.

განცხადების ხელმომწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მშვიდობიანი აქციის დემონსტრანტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ:

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.

დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა!

ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას!”. – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share