“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვენილი – ინფორმაცია ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ადვოკატმა განცხადება დიღმის სამმართველოსთან გააკეთა, სადაც მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, დაკავების შემდეგ გვარამია მიიყვანეს. აღმოჩნდა, რომ შსს-მ ადვოკატი არც კი გაართხილა, რომ დაკავებული მარნეულში გადაჰყავდათ.
”რამდენიმე საათია ჩვენ ვცდილობთ ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის დადგენას, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ ომონის მხრიდან. ეს ინფორმაცია ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ელემენტარული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაინტერესებდა ამბის გაგება და ამაზეც არ გვაწვდიან ინფორმაციას.
ახლა ჩვენთვის სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა და შესაბამისად, გავემართებით იქ, გვექნება მასთან კომუნიკაცია და გავარკვევთ როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სამართლებრივ მხარეს, თუ შეიძლება რაიმე სამართალზე საერთოდ ვისაუბროთ და ეს ტერმინი რაიმე კონტექსტში გამოვიყენოთ, განსაკუთრებით აი, ამ დღეებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნა რუსულ ომონად”, – ამბობს გვარამიას ადვოკატი.