თბილისში, მარი ბროსეს ქუჩაზე მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დარბეულია – როგორც “ტვ პირველის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველებმა კარი შეანგრიეს და ოფისში ისე შეიჭრნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული მოძრაობის ოფისში, სადაც პოლიციელები ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ, ინვენტარი დალეწილია, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დახეული, ხოლო პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები და ნივთები წაღებულია.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოფისში გომელაურის უწყების წარმომადგენლები უკანონოდ შეიჭრნენ, რადგან მისივე განმარტებით, სამართალდამცველებს ჩხრეკის ორდერი არ გააჩნდათ.
”ოფისების დარბევა, დალეწვა, კონფისკაცია დროშების. ეს ყოფილა მთავარი დანაშაული თავისუფლებისმოყვარე პატრიოტი ახალგაზრდების, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციაში იყვნენ. დააკავეს 5 წარმომადგენელი. არ გვითხრეს, სად მიჰყავდათ, რა მუხლით, არ წარმოადგინეს ჩხრეკის განჩინება სასამართლოსგან. სრული უკანონობა, ვანდალიზმი, მაროდიორობა. ეს არის ზუსტად ის, რაც ახასიათებს რუსულ ომონს, ავტოკრატიულ რეჟიმებს. დღეს კიდევ ცხადად გამოჩნდა, რომ თუ დროულად არ ვიმოქმედებთ, ასეთი ჩამოშლა ელოდება ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც “რუსების დაჯგუფებამ” ოფისში დატოვა, ფიზიოლოგიური ხსნარია.
”ერთადერთი რაც დატოვეს, ფიზიოლოგიური ხსნარია, რაც ალბათ, შემთხვევით დარჩათ რუსების დაჯგუფებას. სპეცოპერაციაა. ხალხის დარბევა არ იკმარეს და დღეს ჩვენი ოფისების დარბევაზე გადავიდნენ. ხედავთ, რა ხდება ჩვენთან. დააკავეს, გაკოჭილები წაიყვანეს ჩვენი ახალგაზრდები. ვუყურეთ, ფიზიკურად როგორ გაუსწორდნენ ნიკა გვარამიას. ვხედავთ სახე დაკარგულ “ქართულ ოცნებას”. ერთი წამით არავინ იფიქროს, რომ გავჩერდებით. ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე იქნება”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამასთან, სამართალდამცველებმა ხელისუფლების ოპონენტებს ხელბორკილები დაადეს.
- “დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა
- “ახლების” ოფისში პოლიცია შევიდა
- “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიცია შევიდა
- პოლიცია “დროას და გირჩის” ოფისშიც შევიდა
- “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
- სამოქალაქო აქტივისტის, საბა ჯაჯანიძის სახლში პოლიცია იმყოფება
- ორგანიზაცია “ნაბიჯის” ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული
- პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა
- ”ძლიერი საქართველოს” ორი წევრი დააკავეს
- “დაფიონის” ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
- პოლიციამ გელა ხასაია ძალის გამოყენებით დააკავა
- პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და გათიშულ მდგომარეობაში დააკავა