სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა

“სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა – გაუმარჯოს თავისუფლებას” – ამის შესახებ სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერდზე წერია.

ამასთან, პროტესტის ნიშნად ცალკეული მსახიობებიც გაიფიცნენ. გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია.

ცნობისთვის, მსახიობებმა დღეს მსახიობთა სახლი დაიკავეს – ხელმძღვანელის სამუშაო კაბინეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ხელოვანები, რომლებიც ქვეყნის ევროპული კურსის დასაცავად ქუჩაში დგანან, სახლის თავმჯდომარისგან და თეატრალური საზოგადოებისგან ძალადობრივი პროცესების დაგმობა ითხოვეს.

მსახიობებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს და კოლეგებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი ბახუტაშვილმა თქვა, გაფიცვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმის გამოხატულება იქნება იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ახორციელებს.

ამასთან, მსახიობებმა საქართველოში არსებულ ყველა თეატრს მოუწოდეს, მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ სივრცე დაუთმოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share