ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვრიცხავთ შემდგომი ზომების მიღებას სანქციების ჩათვლით, რათა პასუხი გავცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ – აცხადებს პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი “გლობალნიუსთან” ინტერვიუში.
ოლიგარქი ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, კარპენტერი ამბობს, რომ “ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა”:
“ახლა არ ვაპირებ სანქციებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადება გავაკეთო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს. ” განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.