“რუსეთის დაქცევის დასაწყისი…რა ელის საქართველოს…”-ზურაბ გურული

რუსეთის დაქცევის დასაწყისი;
რა ელის საქართველოს…
———————————
28 ნოემბერს ჩემს პოსტში: „რა მოხდა ამ დღეებში რუსეთში“, ვწერდი რუსეთის ეკონომიკაზე განხორციელებულ მოულოდნელ დარტყმაზე, რაც „გაზპრომბანკზე“ და სანქციებს გადარჩენილ კიდევ 50-მდე ბანკზე განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ამ ბანკებს აქამდე ჰქონდათ შენარჩუნებული საერთაშორისო ფინანსური ოპერაციების წარმოების საშუალება, რითაც ამერიკა ევროპას საშუალებას აძლევდა, გაეგრძელებინათ რუსული გაზის შესყიდვა. 21 ნოემბერს ეს „ხვრელი“ ამერიკამ ყრუდ ამოქოლა და სწორედ ამ დღეს დაფიქსირდა რუბლის რეკორდული, კატასტროფული ვარდნა. ალბათ არავინ ელოდა, რომ რუსეთის მთელი ეკონომიკა 2 კვირაში ჩამოშლის პირას დადგებოდა, მაგრამ ეს უკვე მოხდა. უზარმაზარმა რუსულმა კომპანიებმა, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს გაკოტრება. ინფლაციის კოეფიციენტი უკვე 9%-ს გასცდა და აგრძელებს ზრდას.
აქამდე მდუმარე რუსი ბიზნეს-მაგნატები უკვე დაუფარავად აყაყანდნენ.
ფოლადის მაგნატმა, ალექსეი მორდაშოვმა განაცხადა, რომ მისი კომპანიებისათვის უფრო უსაფრთხოა ბიზნეს-საქმიანობის შეჩერება და ფონდების დეპოზიტზე შენახვა.
რუსეთის ფინანსურმა მაგნატმა, ბორის კოვალჩუკმა გააფრთხილა პუტინი, რომ არანორმალურად მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა პრაქტიკულად გაანულა ბიზნეს-ინვესტიციების განხორციელების შანსები, რაც კატასტროფულად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას.
ხმა აიმაღლა იგორ სეჩინმაც, როსნეფტის ხელმძღვანელმა. მისი განცხადების მიხედვით, კომპანია მოგებას უკვე ვეღარ ახერხებს, რადგან მთელი შემოსავალი წარმოების საქმიანობის შენარჩუნებაში იხარჯება.
იარაღის მაგნატი, როსტეხის მმართველი სერგეი ჩემეზოვი, პუტინის ახლო მეგობარი, აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში უკვე შეუძლებელი გახდება წარმოების ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნება.
რუსეთის სავაჭრო ცენტრებისა და „შოფინგ-მოლების“ გაერთიანება აცხადებს, რომ უკვე 200-ზე მეტმა ცენტრმა გამოაცხადა გაკოტრება და დაიხურა.
მოკლედ, პუტინომიკა უსწრაფესად მიუახლოვდა კატასტროფას. ამ სიტუაციიდან გამოსავალი აღარ არსებობს. ვერავითარი ფინანსური მანევრი ვერ გააჩერებს კოლოსალური კრიზისის განვითარებას. ცოტა ხანში ფული აღარ იქნება არც ჯარისკაცების დასაქირავებლად და ჩამოშლილი სამხედრო ინდუსტრია იარაღს და ამუნიციას ვეღარ მიაწოდებს ფრონტს.
იმედია ხვდებით, რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის. სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრება და კიდევ ერთ ფრონტს გახსნის, პრაქტიკულად განულდა. ტრამპმა ასადის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პრესაში განაცხადა, რომ: – რუსეთს ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და იმედია ვლადიმერი გონზე მოეგებაო-. თუ პუტინი გაჯიუტდა, მას უკვე გარდაუვალი პუტჩი ელოდება თავისივე ოლიგარქების მხრიდან, რადგან ალტერნატივა უპირობო და ტოტალური გაკოტრებაა მხოლოდ.
პრაქტიკულად ანალოგიური სიტუაცია ვითარდება საქართველოშიც. უცხოური ინვესტიციების უკვე დაფიქსირებული 55%-ით შემცირება კატასტროფულად დაარტყამს საქართველოს ბიუჯეტსაც და წარმოუდგენლად გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს. ეს ინვესტიციები რამდენიმე თვეში სრულიად განულდება, როცა პერსონალური სანქციები გაიცემა მთავრობის ყველა მაღალჩინოსანზე. ასეთ ქვეყანაში ინვესტორი საერთოდ აღარ შემოვა. ერთადერთ ვარიანტად დარჩება ჩინეთისათვის „სულის მიყიდვა“.
არც ჩვენს „ენდემურ უხსენებელს“ და არც მის „მონასპას“ არ გააჩნია იმდენი პოლიტიკური და ფინანსური ინტელექტი, რომ მიხვდნენ გარდაუვალი კატასტროფის მოახლოებას. რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევის ექო კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოს სიტუაციას და საოცარი ფინანსური კრიზისის მოწმენი გავხდებით. დროა ქართველი ბიზნესმენები რუსი ოლიგარქებივით გააქტიურდნენ და ხმა აიმაღლონ, თორემ ფიასკო შეიძლება იმდენად მძიმედ განვითარდეს, რომ პრაქტიკულად შეუქცევადი გახდეს კარგა ხნის განმავლობაში.
მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველო სერიოზულ ცაიტნოტშია. ერთადერთი გამოსავალია დროებითი კოალიციური მთავრობა, რომელიც ახალ არჩევნებს მოამზადებს მაქსიმალურად მოკლე დროში. ახალი არჩევნებისათვის კი დიდი ალბათობით ახალი პოლიტიკური ძალები გამოვლენ ასპარეზზე, რომლებიც ჩაანაცვლებენ ამჟამინდელ გაკოტრებულ ოპოზიციას.

Zurab Guruli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share