დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მედიაში პატრიარქისადმი გაგზავნილი მისი წერილის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებით ეხმაურება. “მსურს გამოვეხმაურო გასული ორი დღის განმავლობაში შიდა საეკლესიო ოფიციალური მიმოწერის გავრცელებას სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თავად შიდა მიმოწერის გავრცელება მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე სცდება საზოგადო ეთიკის ნორმებს.
ასევე, შეინიშნება აღნიშნული დოკუმენტების გამსაჯაროებლის არაკეთილმოსურნეობა საქართველოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების ისტორიული და ძმური ურთიერთობისადმი.შეკითხვებს ბადებს დასახელებული წერილების და მათში შესული ინფორმაციის უსწრაფესი თარგმნა და გავრცელება მცხეთისა და კონსტანტინოპოლის საყდართა შორის დაპირისპირების მცდელობით დაინტერესებულ უცხოენოვან მედია სივრცეშიც.ვადასტურებ რა, ჩემი სახელით, მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე გასაჯაროებული წერილის ავთენტურობას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დასახელებული კორესპონდენცია წარმოადგენს სავსებით ნორმალური ხასიათის საქმიან საბუთს, რომლის მსგავსიც ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის არქივში მრავლად მოიძებნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მეუფე ზენონისა და პატრიარქის მიმოწერა “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ” თვითნებურად გაავრცელა. წერილი 2020 წლის 13 ივლისით თარიღდება და მასში ეპისკოპოს ზენონის მიერ სასულიერო პირის განტევების შესახებაა საუბარი, რა გადაწყვეტილებითაც, მასთან შეუთანხმებლობის გამო, პატრიარქი უკმაყოფილოა.