ილია II: “მოხდა განსაცდელი – მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება”

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს მირქმა მიულოცა.

„ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა.

ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

„აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ. ახლა იქნება წაკითხული ლოცვა სანთლების კურთხევისა. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენ შორის და ჩვენთან! ჩვენთან არს ღმერთი!“- განაცხადა პატრიარქმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: