მარკ რუტე – ვლადიმერ პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს – საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„კიდევ რამდენი მაღვიძარის ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, რომ მე ვარ. რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება“, – აღნიშნა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მტრული ქმედებები ჩამოთვალა, მათ შორის კიბერშეტევები, მკვლელობები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება“.

„ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო არ არის მზად იმისთვის, რაც შეიძლება 4-5 წელიწადში მოხდეს.

„ჩვენი შეკავება ჯერჯერობით კარგია, მაგრამ ხვალინდელი დღე მაწუხებს. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც 4-5 წელიწადში გველოდება. საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ. ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხო მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით, გაუმკლავდეთ საფრთხეს“, – განაცხადა რუტემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share