„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომელთა ჩატარებასაც ხელისუფლება ხვალ, 14 დეკემბერს გეგმავს.

მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატი, უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე – ამბობს თემურ მჟავია

„ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც უკიდურესი დაპირისპირებით ხასიათდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, და აქედან ნასაზრდოები დესტაბილიზაციური პროცესები საზოგადოებრივი ურთიებთობების თითქმის ყველა სფეროში, მაიძულებს მივმართო როგორც ჩემს დევნილ თანამემამულეებს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას:

ვითვალსწინებ რა, მთელ რიგ სამართლებრივ გარემოებებს – უპირველსად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულ ნორმას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიატანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, რაც უგულებელყოფილია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურის მხრიდან, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რაც უშუალოდ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატი, უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, — ნათქვამია მის განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share