“ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი. დღეს ვხედავთ გარდამტეხ პროცესს, როდესაც ბიზნესი ერთად დგას და აფიქსირებს პოზიციას. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენ მალე ვნახავთ ბიზნესის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით. ეს პროცესი სრულიად ახლებური ბიზნესის, თავისუფალი ბიზნესის სახეა. “რეფორმატიკსი” მომავალი წლის ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. წინასწარ ვამბობ, რომ პროგნოზი სავალალოა.
თუ პროცესი ასე გაგრძელდა და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნა, ჩვენ დავდგებით ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდებოდა ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტებიდან. დღეს ეს ფული მოაკლდება ქვეყანას და ამ ფულის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი. სოლიდარობის ფონდის შექმნით დავინახეთ საზოგადოებისა და ბიზნესის კონსოლიდაცია. ფონდში თანხები აქტიურად ირიცხება, რითაც აქციების დროს დაზარალებულებს ვეხმარებით.
მადლობა ბიზნესს და საზოგადოებას ასეთი დიდი ნდობისთვის. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირება, როგორც ამას რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ. ეს არის – ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც კი რეჟიმი ჩამოიშლება, დაპირისპირება არ იქნება. ეს არის ხალხის ერთიანი ხმა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!”
წერს კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ნიკა გილაური Facebook-ზე.