საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმებას იმის დასტურად აფასებს, რომ ევროპა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურად აღიარებს.
“ევროპა და ამერიკა არც ამ მთავრობას, არც პარლამენტს, არც დეპუტატებს და არც ე.წ. პრეზიდენტს არ ცნობს” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი “ტვ პირველის” ეთერში და იქვე აღნიშნავს, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვის არ დაწესებით სტრატეგიულმა პარტნიორებმა “ქართველი ერი დაიცვეს”.
”ეს სანქციები არის დაწესებული დიპლომატებზე. დიპლომატიურ ვიზებზე არის საუბარი. ვინაიდან გაუქმება ხდება დიპლომატიური ვიზის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ლეგალური წარმომადგენელი მთავრობის. იგივე გზავნილი არის, როგორც იყო მაკრონის ზარი ივანიშვილთან. ესეც იგივე ნიშანი იყო. ამ პოზიციაზე დგას მთელი ევროპა. ევროპა, ამერიკა ამ მთავრობას არ ცნობს, არც პარლამენტს, არც დეპუტატებს და არც ე.წ. პრეზიდენტს. ვიზალიბერალიზაციის არ გაუქმებით, ქართველი ერი დაიცვეს. არის სასწორი, რომელზეც მთავრობაა დამიზნებული, მაგრამ მოქალაქეებზე სულ სხვა ხედვა არსებობს”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.