ერთობლივი განცხადების თანაავტორები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები.
“ჩვენი ქვეყნები სამ ათეულ წელზე მეტია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულია. ვმუშაობდით საქართველოს ყველა მთავრობასთან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვისა და ქართველი ბავშვების განათლების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მუდმივი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.
ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ იმით, რომ ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიულ ტაქტიკას, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, რათა აიძულოს გააჩუმოს თავისი კრიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფიგურები და სხვები, რომლებიც თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს. პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალის უკანონო გამოყენებაზე, ასევე უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.
ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხსა და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს ურყევ მხარდაჭერას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.