“ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე… ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო“-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და უსამართლობით შეწუხებული თანამშრომელი ჰყავს. რამდენიმე მათგანს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული, ზოგს კი უკვე პროცესიც მოგებული. გარდა იმისა, რომ წერეთელს თანამშრომლები დისკრიმინაციასა და უსამართლო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ, ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ იმასაც, რომ მას არც შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ გააჩნია, ზოგიერთი კი, მისი, როგორც მსახიობის დიპლომის ნამდვილობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
მთავარი პრეტენზიები კი მაინც, სამსახურიდან უკვე დათხოვნილ თუ დღემდე მოქმედ თანამშრომლებს ხელმძღვანელის მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე აქვთ.
“ყველა ზღვარს გაცდა ყველაფერი, რაც ეს წერეთელი მოვიდა კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელად. საერთოდ არაფრად არ გვთვლის, თავისით წყვეტს ყველაფერს. თუ რამე მოვითხოვეთ საქმისთვის, პირდაპირ ჩხუბზე გადმოდის. ეს თანხები იხარჯება და რაში, არაფერი არ ვიცით, არც ის რამდენი გვაქვს ბიუჯეტი. იცით ალბათ, რომ ახლა გაერთიანებაში ხუთი მუზეუმი შედის. მანამდე ვიყავით ორი, მხარეთმცოდნეობის და ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმი. მერე გაჩნდა კიდევ სამი: სპორტის, კინოს და შემოქმედთა მუზეუმი. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ მუზეუმების შექმნით, თან ეს მხოლოდ ლანჩხუთში ხდება გურიის მასშტაბით. ოზურგეთსა და ჩოხატაურში პირიქით მოხდა, პატარა მუზეუმები მოაქციეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ფრთის ქვეშ, აქ ყველაფერი სხვანაირადაა”-გვეუბნება ნონა იმნაძე და შარშან, სახელმწიფო აუდიტის მიერ მუზეუმში ჩატარებული შემოწმების შედეგად დადებულ დასკვნას გვაცნობს: “შარშან, მოულოდნელად შემოვიდა ჩვენთან მხარეთმცოდნების მუზეუმში აუდიტი. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ როცა ლანჩხუთში ასეთი მრავალპროფილური მუზეუმია, ამხელა განყოფილებებით, საუკეთესო და მდიდარი ექსპონატებით, რაში სჭირდებათ დამატებით ის სამი მუზეუმი, რაიონის ხელმძღვანელობამ ეს ვერ დაგვისაბუთაო. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნასაც კი არ ცნობენ. ეს ჩვენ დაგვაბრალეს მერე, სპეციალურად შეიყვანეს იქ აუდიტიო და გადაგვკიდეს დანარჩენი მუზეუმის თანამშრომლები. ნუ, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა მარაზმთან გვაქვს საქმე”?
ქალბატონი ნონა გვიყვება, რომ დანარჩენი მუზეუმების დამოუკიდებელ ფილიალებად დატოვება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა-“გათიშე და იბატონე”. დაესაქმებინათ მათთვის სასურველი კადრები, ვისზეც მაქსიმალურ კონტროლს შეძლებდნენ და უკონტროლო გამხდარიყო ბიუჯეტის თანხების ხარჯვა.
“რა თანხები დაიხარჯა და გადაიყარა წყალში ტყუილად და დღემდე ასე გრძელდება, ამას ნუ იკითხავთ… საქალაქო ბიბლიოთეკაში აქვთ გახსნილი შემოქმედთა მუზეუმი, წიგნები აქვთ დატყვევებული და ჩემზე მეტი თანამშრომლები ჰყავთ. 12 კაცია დასაქმებული. რას ემსახურებიან ესენი ვერ გავიგე. მოწვევები ხდება პოეტების, ხან საიდან, ხან საიდან. წაიკითხავცენ ლექსებს, მერე გაშლიან იქ სუფრებს და მიდის ქეიფი. ახლა რომ რეჟისორად ჰყავს მოყვანილი ვიღაც ბიჭი ბათუმიდან და ერთი “დარისპანის გასაჭირი” აქვს მარტო დადგმული, ხელფასს რაში უხდის?
რომ კითხო სარიშვილს და წერეთელს, ლანჩხუთის კულტურის სამსახურში ოზურგეთელს და ჩოხატაურელს რა ესაქმებაო და ბათუმელს ესაქმება? თვითონ სადაურია? არაა ბათუმიდან?
ისეთი ავაზაკია ეს წერეთელი, ნახევარი წელია არ უვლია იმ კაცს სამსახურში და ტყუილად ხომ აძლევს ხელფასს? და ასეთი კაცი მე მაგინებს სხვების თანდასწრებით დედას, ეს უზრდელი თაღლითი..
ვეხვეწე ლანჩხუთის მერს, ჩემთვის არაფერი არ მინდა, ჩემს თანამშრომლებს მოუმატეთ ხელფასები-მეთქი. ძალიან უჭირთ და ამათ დაფასება სჭირდებათ ისეთი ხალხია, მაგრამ არც მომისმინა. მიბრაზდებიან, მებუტებიან, პირად მტრად მიმიჩნევენ იმისთვის, რომ მუზეუმის და ჩემი თანამშრომლების ინტერესებს ვიცავ. 7 თანამშრომელი მყავს სულ. იმ დანარჩენში ამაზე მეტი ყავთ. ჩვენ საქმეს ნამდვილად ვაკეთებთ; ცალკე სასკოლო ექსკურსიები, გამოფენები… უნიკალური მასალები ეთნოგრაფიაზე, მხედრებზე.. ისინი მარტო თავს უქნევენ ალბათ და ჩვენზე მეტად უყვართ ამიტომ.
მე ორმოცი წელია ამ მუზეუმში ვმუშაობ და ახლა რომ შეურაცხყოფილი ვარ ჩვენი ხელმძღვანელისგან (კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წერეთელი ავტ.) და ჩვენი მთლად უფროსის მხრიდან (გულისხმობს მერს, ალექსანდრე სარიშვილს ავტ.) ასეთი არაფერი მინახავს. აბსოლუტური დაუფასებლობა, დაბალი ხელფასებიდან დაწყებული. ყველაზე განათლებული კადრები მყავს, პროფესიონალები… როგორი მნიშვნელობის მუზეუმია ეს, ამასაც ვერ ხვდებიან, ათი ათასამდე ექსპონატია დაცული, ამდენი უნიკალური მასალა…ამ პანდემიის პერიოდშიც კი არ გავჩერებულვართ. გერმანულ-ქართულ ექსპედიციაში ვართ ჩართულები, ყველა მასალა ციფრულად უკვე გადავაგზავნეთ”…
ვრცლად მასალა იხილეთ ხვალ “გურიის მოამბის” ვებგვერდზე www,guriismoambe.com