დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შეკრების ადგილებში ნიღბების აკრძალვა, მით უმეტეს, ზამთარში, გრიპის და ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, არ შეიძლება.
„ეს [ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე] არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ 19 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ამირან გამყრელიძე NCDC-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2013-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობის პირობებში გავრცელდა მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემია და მისი მითითებებით მართა საქართველომ კრიზისული პერიოდი.
მან 19 დეკემბერს ინტერვიუში ასევე გაიხსენა სინგაპურისა და იაპონიის მაგალითები კორონავირუსის პანდემიისას და თქვა:
„რატომ მართეს სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია? იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [პირბადეების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს. ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად დაამტკიცა – კანონები მესამე მოსმენით 13 დეკემბერს მიიღო.
გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.
ცვლილებების ეხება დემონსტრაციებზე სახის დაფარვას. კერძოდ, „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ გამოიწვევს 2000-ლარიან ჯარიმას.
ამ პერიოდში 10-მდე ცვლილებას უფლებადამცველები „განუკითხაობის დაკანონებად“ აფასებენ.