ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთის მოკავშირეა – პრეზიდენტი

იტალიის პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა – ქვეყნის მთავარსარდალმა მწვავე მესიჯები გააჟღერა და “ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირეობაში დაადანაშაულა.

საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, ხმამაღლა თქვან, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა, რადგან არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა.

ევროკავშირის მხრიდან სიმამაცე იქნებოდა, თუ იტყვიან, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლით და პროტესტით აჩვენა უკვე რამდენი დღეა და ასეც გაგრძელდება.

კარგი იქნებოდა ჩვენება იმისა, რომ ევროკავშირი ამ დაცინვაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუ არჩევნები აღარ არის სიგნალი და ნიშანი დემოკრატიისა, მაშინ ჩვენ თავად ვუთხრით ძირს დემოკრატიის საფუძვლებს. პოზიცია აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს და უნდა იყოს გამოსავალიც. თუ ჩვენ არ გვექნება პოზიცია, მაშინ ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, რაც არის ახალი არჩევნები და ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ერთადერთი სტაბილური გამოსავალი. ეს არჩევნები იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი რუსულ სტილში. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა რუსეთის ჩარევის. 

დამიბრუნეთ ჩემი ხმა  – ეს არის ხალხის მთავარი მოთხოვნა. ქართველი ხალხი იცავს საქართველოს ევროპულ გზას, მის დამოუკიდებლობას, უარს ამბობს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაზე. ეს არის საკითხი ევროპასა და რუსეთს შორის. რუსეთი ახალ სტრატეგიას ტესტავს, რომელიც გაცილებით ნაკლებხარჯიანია, რადგან გაცილებით არაპირდაპირია. ეს ჰიბრიდული სტრატეგიაა, რომლისთვისაც საქართველო კარგი სატესტო სუბიექტი იყო, რადგანაც ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთის მოკავშირეა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ძალიან დესტრუქციული რიტორიკა მმართველი ძალისგან, ჯერ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ერთადერთი მმართველია ქვეყნისა და ასევე მთელი მმართველი პარტიისგან. თავს ესხმოდნენ ევროპელებს და ამერიკელებს, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც საქართველოში ახალი ომის წამოწყება უნდოდათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share