ანდრიუს კუბილიუსი – ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინისთვის მილიონობით საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებენ.

კუბილიუსმა hromadske-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა იარაღის მხოლოდ 20-25%-ს აწარმოებენ, დანარჩენს კი საზღვარგარეთ ყიდულობენ. წარმოების გასაზრდელად ევროპის მთავრობებისგან შეკვეთებია საჭირო, რაც ამჟამად საკმარისი არ არის. როგორც კუბილიუსმა განმარტა, იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე არ უნდა ველოდოთ, რომ ევროპა უკრაინისთვის მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაამზადებს.

„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყენება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაზე. თუმცა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან ან გაყინული რუსული აქტივებიდან ფული შეიძლება იარაღის შესაძენად გამოიყენონ“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკომისრის თქმით, მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს გადასცემს და კიევი შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რას მოახმაროს ეს თანხა. ასევე, ევროკავშირი ახლა ახორციელებს მექანიზმს, რომელიც უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში ინტეგრაციას შესაძლებელს გახდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share