2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან თხილის ექსპორტი 18%-ით გაიზრადა. თუ 2023 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ 65.383 მლნ დოლარის ღირებულების (11 744 ტონა) ნაჭუჭგაცლილი თხილი გაყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 77.168 მლნ დოლარი (11 012 ტონა) შეადგინა.
გაზრდილია თხილის ფასიც – 1 კგ თხილის საექსპორტო ფასი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 5 დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში ფასმა საშუალოდ 7 დოლარი შეადგინა.
როგორც თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქაჯაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საექსპორტო ფასის ზრდა მსოფლიოში თხილის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.
“ექსპორტის ფასის ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგადად, მსოფლიოში თხილი არის გაძვირებული. ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციაა. სამწუხაროდ, საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს თხილის ფასი. ფასს ადგენს თურქეთი და სწორედ მის ფასებს მიჰყვება მთელი მსოფლიო“, – განაცხადა მან.
ლევან ქაჯაიას თქმით, პროდუქტის თურქეთში გაძვირებას რამდენიმე მიზეზი აქვს.
„წელს თურქეთშიც მაღალია ფასი, რაც გამოწვეულია იმ პრობლემებით, რომ თურქეთსაც აქვს ფაროსანას პრობლემა ნაწილობრივ და მოლოდინები იყო დეფიციტისკენ. ასევე შეცვლილია ლირის კურსი და წინა სეზონი დასრულდა მაღალი ფასით, შემდეგ ეს ფასი გადმოჰყვა ახალ სეზონსაც“, – აღნიშნა ასოციაციის დირექტორმა.
რაც შეეხება თხილის ხარისხს, ქაჯაია აღნიშნავს, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, ქართული თხილის ხარისხი კვლავ დაბალია.
„ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან თურქეთი და აზერბაიჯანი, მათთან შედარებით დაბალი ხარისხის თხილი გვაქვს, ეს სიტუაცია კი წლების განმავლობაში არ იცვლება, სამწუხაროდ“, – განაცხადა მან.
ლევან ქაჯაია იმედოვნებს, რომ წლევანდელი სეზონის დასასრულს, როდესაც ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი მონაცემები, 40-45 ათას ტონა გაუტეხავ თხილამდე მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მინიმუმ 80% უჭირავს ევროკავშირის ქვეყნებს. შემდეგ მოდის დსთ-ს ქვეყნები – რუსეთი, სომხეთი და ბელარუსი, ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ჩინეთი.