„ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ ვიდრე ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
სააკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ და ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ეუთოს დასკვნაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:
„ეუთოს ასეთი დასკვნა არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მაგარი ჟურნალისტების მუშაობის შედეგი, პოლიტიკური პარტიების მაგარი მუშაობის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო აქტიურობა ატარებს ძალიან პოზიტიურ ხასიათს ამ პერიოდში. ასე რომ ძალიან ნათელია ყველაფერი. ჩვენმა მეგობარმა, დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა მოუწოდა ქართველ ხალხს, რომ იაქტიურონ ქუჩებში, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. იგივეს მოუწოდებს ძალიან ბევრი საერთაშორისო მოღვაწე, პრაქტიკულად იგივესკენ მოუწოდა პრეზიდენტმა მაკრონმა. რა თქმა უნდა, ამ აქტიურობას აქვს კონკრეტული შედეგი.
ამავე დროს, მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა, ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცვები, ეს არ არის მოთხოვნები, თხოვნები, მოწოდებები – სასაცილოდ არ ჰყოფნის. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ.
რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა- ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს. ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამოიღო ხმა, მაგრამ დარჩა ის ხალხი, ვინც ტენდერებზე იპარავს ფულს. თითოეულ ჩვენგანს, თქვენგანს აცლის ჯიბიდან ფულს. ეს არის შენობებში მათი არშეშვება და არგამოშვება იმიტომ, რომ ვიღაც ტიპებს მიტაცებული აქვთ შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას და ვითომ, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესენი ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან-გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებებს. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეს შენობები ეკუთვნის საქართველოს ერთადერთ სახელისუფლებო წყაროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქე“-განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულიყო. ადვოკატის თქმით, იმ პირობებში, როცა სააკაშვილს უკვე თავისუფლება აღკვეთილი აქვს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის.
ბასილაიას განმარტებით, მტკიცებულებათა გამოკვლევა ამოწურულია, სასამართლო დასკვნითი სიტყვის ეტაპზეა, შესაბამისად, აღკვეთად პატიმრობის გამოყენების საფუძვლები ბუნებაში აღარ არსებობს. სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას რამდენიმე საფრთხე დაედო საფუძვლად და მისი საფუძველი მხოლოდ მტკიცებულების განადგურება არ ყოფილა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განმარტებით, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები კვლავ არსებობს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.