საქართველოში პროტესტის 28-ე დღეა – მიუხედავად აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევისა, თბილისისა და რეგიონების ქუჩებში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოდის.
ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე მსახიობი ბაჩო ქაჯაია იმყოფება. როგორც ის აცხადებს, “პროტესტის მუხტს ჩაქრობა არ უწერია”.
მსახიობის შეფასებით, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის.
”მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია. ჰაერში ვერ გაჩერდება, შესაბამისად ეს მუხტი ვერ ჩაქრება. ყველას მოუწევს ამ მუხტთან თავლის გასწორება. მე მზად ვარ ვიდგე აქ, სანამ თვალს არ გაუსწორებენ ის ადამიანები, რომელმაც უნდა გაუსწორონ. ორად ორი მოთხოვნაა, ეს არის არჩევნები და გათავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულების. ჩვენ აქამდე მივალთ ზუსტად ვიცი. მე მჯერა ადამიანების, ჩემი მეგობრების, რომლებთან ერთად მანამდე ვიყავი აქ. ჩვენ იმიტომ კი არ მოვდივართ, რომ უნდა მოვიდეთ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია და ეგ მუხტი ვერ ჩაქრება”,-ამბობს ბაჩო ქაჯაია.