საზოგადოება პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში – სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველს ოპოზიცია სთხოვს, 29 დეკემბრის შემდეგ მუშაობა ისევ პრეზიდენტის სასახლეში გააგრძელოს.
“მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დავრჩეთ” – ასეთია დიდი ოპოზიციური პარტიების პოზიცია.
სალომე ზურაბიშვილმა თავადაც თქვა, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც პრეზიდენტი იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა სასახლეც უნდა შეინარჩუნოს.
რას გადაწყვეტს პრეზიდენტი უცნობია, სავარაუდოდ, მას საზოგადოება და ოპოზიცია რამდენიმე დღეში გაიგებს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მზად არის, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დაიცვას:
საერთოდ, სამშობლოს დაცვას არ აქვს ვადა. თუ ამისთვის საჭიროა, რამდენიმე დღე, უნდა ვიდგეთ რამდენიმე დღე. თუ რამდენიმე კვირა – რამდენიმე კვირა, თუ რამდენიმე თვე, რამდენიმე თვე! რამდენიმე წელი ვერ ვიდგებით, იმიტომ რომ გარწმუნებთ, ეს საჭირო არ იქნება.
მზად ვარ, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფელის გვერდით ვიდგე, რომელიც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ფაქტია არის ერთადერთი და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. პოლიტიკური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
მე ვარ მზად, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი. სხვა პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და კოალიციები მზად ვართ იმისთვის, ეს ბოლო ფორდპოსტი ლეგიტიმაციის, დავიცვათ”- განაცხადა “პირველებთან” კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
გუშინ, 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა აღუთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.
23 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება “პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით”.