“სიტყვის და აზრის თავისუფლად საჯაროდ გამოთქმა უფლის მიერ მონიჭებული უფლებაა”

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წმინდა სინოდის წევრებს აკრიტიკებს.

 

ცილისწამებაში და შეურაცხმყოფელი განხცხადებებში მხილებული დეკანოზი სინოდის გადაწყვეტილებას ავაზაკურს უწოდებს. საპატრიარქოს კი “ყრუს”, “გაბოროტებულსა” და “შურისმაძიებელს”.

 

“გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, 11 თებერვლის წმ. სინოდის სხდომის მდივანს!
გაკვირვებულმა წავიკითხე და მოვისმინე თქვენს მიერ შედგენილი ტექსტი, სადაც ბრალად მიყენებთ საქართველოს ეკლესიის იერარქთა ანუ მღვდელმთავართა მიმართ ცილისწამებლურ გამოსვლებს მასმედიაში, რადგან არასოდეს ცილი არავისთვის დამიწამია, ხოლო თუ შეურაცხმყოფელი მიგაჩნიათ ზოგიერთი ჩემი გამონათქამი, ეს გამომდინარეობდა იმ რამდენიმე იერარქის არაქრისტიანული, ან არაეროვნული, ან სულაც ავაზაკური ქმედებების გამო, რაც იწვევდა ჩემს უდიდეს აღშფოთებას. პირადად თქვენ მე არასოდეს შეგხებივართ, არა იმიტომ რომ პრეტენზია არ მქონდა ზოგიერთ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებაზე, არამედ იმიტომ, რომ ვითვალისწინებდი გორის ეპარქიისათვის თქვენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებს და ასევე თქვენს გამოქომაგებას 2014 წელს საპატრიარქოს ე.წ. ზნეობრივ კომისიაზე მეუფე თეოდოროესა და მეუფე იაკობის წინაშე ტვ ტაბულაზე გამოსული მღვდლების მოულოდელი დაბარებისას (არქიმ. სერაფიმე ბითხარიბი, დეკ. მიქაელ ასათიანი, იღუმენი ათანასე სვანიძე, მღ-მონ ილია ვაშაკიძე..), რითაც გსურდათ აღგეკვეთათ სამღვდელოების მომავალი ტელეეთერები ტვ ტაბულაზე და სხვა ტელევიზიებში. მაშინ ხსენებულ ორ მღვდელმთავარს განუცხადეთ ჩემზე, რომ მამა ილიას გამოსვლა იყო საუკეთესო, არ შეიცავდა რაიმე შეცდომებს ეკლესიის მიმართ და მის ნიჭს და შესაძლებლობებს უნდა იყენებდეს საპატრიარქო. რაზედაც მიტრ. თეოდორეს პასუხი იყო, რომ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მისი დანაშაული ისაა, რომ წინასწარ არ შეგვითანხმა ტელეეთერში გამოსვლა და ამიერად შეგვითანხმოსო. საპატრიარქოს სურვილი მღვდლების საჯარო გამოსვლებზე კონტროლის და ლიცენზირებისა, ეს იყო და არის ადმინისტრაციული სუბიექტური მონოპოლიზმი და მღვდლის სიტყვის შეზღუდვის მცდელობა, რის გამოც არც მანამდე და არც მერე არასოდეს დავთანხმებულვარ, მიმაჩნია, რომ სიტყვის და აზრის თავისუფლად საჯაროდ გამოთქმა უფლის მიერ მონიჭებული უფლებაა და თეოდორესთან ან სხვა ჩინოვნიკთან საპატრიარქოში შესათანხმებელი წინასწარ არ არის. ამის შემდგომ ჩემი გამოსვლები ტელე ეთერებში, თუ წერილობითი ფორმით, მუდამ მიზნად ისახავდა საქართველოს და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის უმძიმესი დგომარეობის და პრობლემების მხილებას, ანალიზს, გამოსწორებას და გაჯანსაღებას.

 

მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს ჩინოსანთა სასმენელი აღმოჩნდა ყრუ და უტყვი, გონება მათი აღივსო გაბოროტებით და შურისძიების სურვილით ჩემდამი და თქვენი, როგორც სხდომის მდივნის პირით და ხელით ეს გადმოანთხიეს ამა წლის 11 თებერვალს, რის გამოც ვერ გაექცევით პირად პასუხისმგებლობას ღმერთისა და ისტორიის წინაშე.

 

მართალია ეპისკოპოსობაში დაცოლშვილებული და თბილისში მუდმივად მცხოვრები მთავარეპისკოპოს (ახლა მიტროპოლიტ) ვახტანგ ახვლედიანისთვის მრევლის მიერ 2001 წლის 21 სექტემბერს საკათედრო ტაძრის კარის აჭედვის და წირვის ჩაშლის შემდგომ ოქტომბერში თქვენი გადმოყვანა სინოდის მიერ გორის ეპარქიის მმართველად ეპარქიის ადმინისტრაციული და მატერიალური წინსვლით აღინიშნა და უთუოდ პროგრესია, მაგრამ რა სულიერი და სამოძღვრო მაგალითი უჩვენეთ გორელებს 2002-2003 წლებში ჩადენილი ვანდალიზმით, როდესაც ჩამოაფხეკინეთ და გაანადგურეთ მე-19 საუკუნის უნიკალური ფრესკები (მათ შორის აფსიდში ღვთისმშობლის დიდება, წმ. ნინოს, წმ. კლიმენტი პაპის, მოციქულების მედალიონში ჩახატული ფრესკები თაღზე,ყველა ფრესკას ახლდა მხედრულით შესრულებული ქართული წარწერები) და გაანადგურეთ პატრ დომენიკე მუგასაშვილის საფლავი ტაძრის შესასვლელში და ზედ კარიბჭე-სანთლის ჯიხური დააშენეთ, რომლის მიზანი ტაძრის კათოლიკური წარმომავლობის კვალის მოსპობა იყო. განა მტაცებლობა ფა საფლავთმაოხრებლობა მართლმადიდებლობაა?! ეს უნდა ვასწავლოთ მრევლს?! ეს სათნოა ქრისტესათვის?! ამას უნდა სჩადიოდეს ეპისკოპოსი?! აღარაფერს ვიტყვი თქვენს მიერ ჩადენილ ქმედებაზე 2016 წელს, რაც უდრიდა ზურგში მახვილის ჩარტყმას კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსათვის კრეტის დიდი და წმინდა კრების წინა დღეებში, როდესაც სინოდისადმი თქვენი, როგორც წინასაკრებო სამუშაოების მთავარი მწარმოებლის მოხსენებით, მოუწოდეთ სინოდს, არ წასულიყვნენ კრებაზე, გაეუქმებინათ ყველა წინასწარი შეთანხმება და ხელმოწერა რომლებიც განაჩინებდა კრებაზე წასვლას. ეს იყო პირდაპირი სურვილი მოსკოვის საპატრიარქოსი და ფანატიკოსი ობსკურანტებისა, რასაც სამომავლოდ ისტორია უფრო დეტალურად შეისწავლის და შეაფასებს.

 

ხოდა ახლა გეკითხებით, ვის დავწამე ცილი? ვინაა ცილისმწამებელი, მე თუ თქვენი “სინოდი”, რომელიც ერთწლიანი მოუწვევლობის შემდეგ გამართული ორსაათიანი სხდომა ისე დაიშლება, არ დაწერილ განჩინების თეთრ ფურცლებს ხელს აწერს და შემდგომ გვერდნახევრიანი ტექსტის წერას რამდენიმე ადამიანი ორი დღე უნდებით?

 

P.S. კათოლიკეთა მხრიდან გამოხატული აღშფოთების გამო წლების შემდგომ დომინიკეს საფლავის ქვა დაბრუნდა ტაძრის კედელზე, მაგრამ უფრო მარჯვნივ, დაახლოებით ერთი მეტრის მოშორებით საფლავიდან, რადგან იქ უკვე მშენებლობა იყო განხორციელებული”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ დეკანოზი ილია ჭიღლაძე შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მღვდელმტავრების მიმართ, რის გამოც მის საკითხს ზნეობრივი კომისია შეისწავლის.

 

 

“წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის”, – ნათქვამია განჩინებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share