9 წელი და წასული მე-5 პრემიერი – რა ქონებით ტოვებს გახარია პოსტს

2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე – 41 986 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს – ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე – 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე – 6 500 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე – ვიცე-პრემიერი იყო; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share