რა ხდება სირიაში და ხოცავენ თუ არა ქრისტიანებს?

6 იანვარს სირიის ახალი რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ლოალისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას ლატაკიის, ტარტუსისა და ჰამის პროვინციებში სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა.

სირიის ახალმა რეჟიმმა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ასადის დამხობის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, თავდასხმის საპასუხოდ ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

ადამიანის უფლებათა სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) მონაცემებით, ოპერაციის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმრავლესობა ისლამის ალავიტური მიმდინარეობის წარმომადგენელია, რომელიც შიიტურ განშტოებას მიეკუთვნება.

როგორ დაიწყო ყველაფერი

სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ყველა რელიგიური უმცირესობის უფლებების დაცვის პირობა დადო, თუმცა ასევე განაცხადა, რომ მოძებნიდა ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნებს და მათ პასუხს აგებინებდა.

ალავიტებით დასახლებულ ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში ბოლო თვეების განმავლობაში დაბალი ინტენსივობის ძალადობა შეინიშნებოდა, რაც უსაფრთხოების ძალების მიერ ასადის ყოფილი ოფიცრების დაკავებას უკავშირდება.

ბაშარ ალ-ასადის ოჯახი, რომელიც სირიას ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართვადა ალავიტია. ასადის რეჟიმის დროს მმართველ კლასსა და სამხედრო ძალების ზედა ფენებში სწორედ აღნიშნული სექტა დომინირებდა.

გასულ ხუთშაბათს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 16 პირი ემსხვერპლა, დაჯგუფებამ, რომელიც თავს “სირიის გათავისუფლების სამხედრო საბჭოდ” მოიხსენიებს, ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის პირობა დადო.

ამავე განცხადებაში დაჯგუფების შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა და მას ხელი ასადის რეჟიმის მეოთხე დივიზიის ყოფილმა გენერალმა, ღიას დალამ მოაწერა.

სირიის სადაზვერვო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ანას ხატაბმა, 7 მარტს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ “ძალადობის უკან ასადის რეჟიმის ყოფილი სამხედრო ლიდერები დგანან, რომლებსაც მხარს ქვეყნის ფარგლებს გარედან უჭერენ”.

სირიის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ასადის ლოიალისტების მიერ დაკავებულ ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ლატაკიის პროვინციაში სამხედროები შეიყვანა. ალ შარაამ ასადის მომხრეებს მოუწოდა დაეყარათ იარაღი. მისი თქმით, “ყველამ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი ამ არეულობასა და შეთქმულებებზე”.

SOHR-ის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიის მთავრობის 231 უსაფრთხოების ოფიცერი, 250 შეიარაღებული ალავიტი და 830 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ახალ მთავრობასთან დაკავშირებულმა მებრძოლებმა მოკლეს. მოკლულებს შორის ალავიტი ქალები და ბავშვებიც არიან.

სირიის ხელისუფლების პოზიცია

სირიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ისინი ოპერაციის დროს მომხდარ დარღვევებს აცნობიერებენ, თუმცა მშვიდობიანი ალავიტების მასობრივი ხოცვა იმ მებრძოლებსა და ადამიანებს დააბრალეს, რომლებსაც ოპერაციაში უსაფრთხოების ძალების დახმარება სურდათ ან ბრძოლის ქაოსს იყენებდნენ, რათა დანაშაულები ჩაედინათ.

ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა უარყვეს ბრალდებები, რომ მათი უსაფრთხოების ძალები მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან გამოძიების ჩასატარებლად და ნებისმიერი პირის პასუხისგებაში მისაცემად, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ავნო.

პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც სირიის ზღვისპირა რეგიონში უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს მხარს უჭერს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ძალებმა არავის არ უნდა მისცეს საშუალება, “გადააჭარბონ პასუხი, რადგან რაც მტრისგან განგვასხვავებს, ჩვენი ერთგულებაა ღირებულებების მიმართ”.

“როდესაც მორალს ვთმობთ, ჩვენ და ჩვენი მტერი ერთ მხარეს აღმოვჩნდებით”. – თქვა ალ-შარაამ და დაამატა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებსა და მძევლებს სათანადოდ უნდა მოეპყრონ

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ალ-შაარამ “თავისი სასულიერო სამოსი კოსტუმით ჩაანაცვლა და ზომიერი სახე წარმოაჩინა. ახლა მან ნიღაბი მოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა: ალ-კაიდას სკოლის ჯიჰადისტი ტერორისტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საზარელ ქმედებებს სჩადის”.

რუსეთისა და ირანის როლი

ასადის ლოიალისტების მიერ დაგეგმილ თავდასხმაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს. რუსული ძალები, რომლებიც ასადის რეჟიმს აქტიურად უჭერდნენ მხარს, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმეიმიმის ავიაბაზასა და ტარტუსის პორტში რჩებიან. ცნობისთვის, რუსეთი ასადს არა მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მებრძოლების, არამედ ასადთან დაპირისპირებული აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ეხმარებოდა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ Planet Lab-ის სატელიტური ფოტოსურათების მიხედვით, 7 მარტიდან ადამიანთა ჯგუფი ხმეიმიმის სამხედრო ბაზასთან თავშესაფრის მისაღებად იწყებდა შეკრებას. 8 მარტს გადაღებულ სურათებზე კი ბაზაზე კარვები და ავტომობილებიც ჩანს.

ასადის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიელი ხალხი ახალი ხელისუფლებას წინააღმდეგობას გაუწევდა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ირანი ასადის რეჟიმის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, რომელიც სირიის ტერიტორიას ერაყსა და ლიბანში გამავალ სახმელეთო დერეფნად იყენებოდა.

ამჟამად ასადის ლოიალისტებს თეირანთან და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) ახლო კავშირში მყოფი პირები ხელმძღვანელობენ, მათ შორის არიან: გენერალ-მაიორი სუჰაილ ალ-ჰასანი, რომლის მშობლიური ქალაქი აიტა იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ბოლოდროინდელი კონფლიქტი დაიწყო; სირიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი იბრაჰიმ ჰოჯია და ღიას დალა, რომელსაც ლიბანური ტერორისტული ჯგუფი ჰეზბოლა უჭერს მხარს.

ქრისტიანების მიზანმიმართული ხოცვა თუ დეზინფორმაცია

განვითარებული მოვლენების პარალელურად ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც სირიის ახალი ხელისუფლება ქრისტიანებს მასობრივად ხოცავს.

პლატფორმა X-ზე დეზინფორმაციის სახით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრიან ჯვარზე გაკრულ ადამიანს იარაღიდან. აღნიშნული ვიდეო სულ მცირე 7 წლის წინანდელია, თუმცა გამავრცელებლები მას სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებას ცდილობენ.

“ისლამისტი ჯიჰადისტები ქრისტიანებს ხოცავენ სირიაში, მაშინ როცა ვატიკანი და ზოგიერთი კარდინალი რამადანს ზეიმობს”. – წერია დეზინფორმაციულად გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.

9 მარტს სირიის ქრისტიანმა სასულიერო პირებმა დეზინფორმაციის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში უარყვეს ცნობები იმის შესახებ, რომ ქრისტიანებს მიზანმიმართულად ხოცავენ. მათი თქმით, უსაფრთხოების ოფიცრების მთავარი სამიზნე ქრისტიანი მოსახლეობა არ ყოფილა.

ქალაქ ლატაკიის კათოლიკური ეკლესია ასევე გამოეხმაურა დეზინფორმაციის სახით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პირებისთვის ეკლესიები თავიანთ დარბაზებს ხსნიან. “ეს ინფორმაცია არასწორია, რადგან ლატაკიაში არსებული ვითარება არ მოითხოვს ასეთი ზომების მიღებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, გამოცემა Deustche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლოდროინდელი თავდასხმების მთავარი სამიზნე არა ქრისტიანები, არამედ ალავიტები იყვნენ.

ტაბულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share