“ინტენსიურად თოვს, თუმცა რეგიონში შექმნილ პრობლემებს ვუმკლავდებით”- გურიის გუბერნატორი

გურიის რეგიონში დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილები პარალიზებულია, შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება, დროებით დახურულია სკოლა.

როგორც გურიის ახლად დანიშნულ გუბერნატორმა, გიორგი სახოკიმ განაცხადა, რეგიონში შექმნილი პრობლემები, რომელიც უამინდობამ გამოიწვია, გურიის დიდ ნაწილში აღმოფხვრილია. ხოლო იმ ლოკაციაში, სადაც ჯერ კიდევ შეზღუდვებია, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“რეგიონში დიდთოვლობას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ზოგიერთ სოფელში შიდა გზებზე გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო სოფლის მთავარი გზა ყველგან გაწმენდილია. ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს, მთელი ღამის განმვალობაში მუშაობას გააგრძელებენ.

გადაადგილების შეზღუდვა ამ ეტაპზე რჩება ჩოჩხათის უბანში, კოკათში და წიაღუბანში, ასევე მაჩხვარეთში 12 კომლიან დასახლებაში. მამათში მართალია ცენტრალური გზა გახსნილია, მაგრამ გადაადგილება გართულებულია. ამ სოფლებში მხოლოდ შიდა გზებზეა საუბარი, ცენტრალური გზა ყველგან გაწმენდილია.

რაც შეეხება სკოლებს, დღეს არცერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. ერთადერთი მამათის სკოლაში, სადაც 70  მოსწავლე სწავლობს, 15 ბავშვი ვერ გამოცხადდა, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სკოლებს ემსახურება, მოზარდების საცხოვრებელ სახლებთან ვერ მივიდა, რადგან მაღალი განმავლობის, ორხიდიანი მანქანები არ არის.

ერთადერთი სკოლა ჯუმათში, ხვალ ფუნქციონირებას დიდთოვლობის გამო აჩერებს, რადგან მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ერთი დღის სასწავლო პროცესი შეჩერდეს.

ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ კი ასეთი ვითარებაა: მოგეხსენებათ, დასავლეთში მძიმე, სველი თოვლია. შესაბამისად, დიდთოვლობისას ელექტრო გადამცემი ბოძები ზიანდება. დღის განმავლობაში რომელ სოფლებსაც ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნათ, საღამოს თითქმის ყველაგან აღდგენილია.

ერთადერთი სადაც ამ დროისთვის კიდევ შეწყვეტილია, აცანა და მამათის გარშემო პატარა რამდენიმე დასახლებაა, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება. საერთო ჯამში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 250 კომლი არის დენის გარეშე დარჩენილი. მინდა, კიდევ გავიმეორო, რომ აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტეოროლოგიური მდგომარეობა რთულია, ინტენსიურად თოვს, თუმცა რეგიონში შექმნილ პრობლემებს ვუმკლავდებით.” – აღნიშნა გუბერნატორმა.

ცნობისთვის, გურიის გარდა, ქვეყნის მასშტაბით გზებზე გადაადგილების, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები დანარჩენ რეგიონშიც შეიქმნა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share