მედიის კანონში ცვლილებები ონლაინ-მედიასაც შეეხება – “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება. როგორც ოლიგარქის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ დღეს კომიტეტზე განაცხადა, კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი ონლაინ-მედიების რეგულირების შესახებაც.
“პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.
ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, – ამბობს გორდულაძე.
მისივე თქმით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება.
შეგახსენებთ, ოლიგარქის არალეგიტიმურმა დეპუტატებმა კომიტეტზე პირველი მოსმენით უკვე მიიღეს მედიის შემზღუდავი ცვლილებები