ქარტია ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და კერძო ფონდებს „რადიო თავისუფლების” მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „რადიო თავისუფლებას“, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაფინანსება შეუჩერა, და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და კერძო ფონდებს მისი მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს.

„რადიო თავისუფლება“ 75 წელზე მეტია, მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა.  

საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია ადგილობრივი მედიასაშუალებების მხარდამხარ წერს თანამედროვე ქართული მედიის ისტორიას. 

საქართველოში მედიას წლებია, უკიდურესად პოლარიზებულ, ღიად მტრულ და დამთრგუნველ გარემოში უწევს მუშაობა. „რადიო თავისუფლებამ“ ამ რთულ პირობებშიც კი შეძლო მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, ჩამოყალიბდა პროფესიის მეტრად, რომელზეც ჟურნალისტთა თაობები იზრდებიან და რომელზეც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს აქვთ სწორება. 

„რადიო თავისუფლება“ ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისა და შინაარსიანი დებატებისათვის. ჟურნალისტები „რადიო თავისუფლებიდან“ რეგულარულად  იღებენ პროფესიულ ჯილდოებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის. „რადიო თავისუფლება“ იზიდავს ახალგაზრდებს სოციალურ მედიაში განთავსებული მრავალფეროვანი ჟურნალისტური ნამუშევრებით.    

ქართული მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ქმედებების შედეგად დახურვის, ხოლო ქართული საზოგადოება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი პროპაგანდისტული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირისპირ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება “რადიო თავისუფლების” როლი და მისია.    

„რადიო თავისუფლების“ გარეშე მედია საქართველოში უკიდურესად გაღარიბდება, დაიკარგება საზოგადოების მრავალფეროვანი  ხმები.

ქარტია თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებს და კერძო ფონდებს, გამონახონ რესურსები „რადიო თავისუფლების“ შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია და რომელთა ისედაც რთული ყოველდღიურობა „რადიო თავისუფლების“ გარეშე კიდევ უფრო დამძიმდება”, – წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, “ამერიკის ხმის” თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, “რადიო თავისუფლებას” გრანტები შეუწყდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share