“კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” – აღნიშნული კვლევა მომზადებულია “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით, შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კვლევის ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. კვლევა ეფუძნება “კაცები და გენდერული ურთიერთობები (IMAGES)” მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოში პირველად 2013 წელს იქნა გამოყენებული.
კვლევის თანახმად, ქალებისა და კაცების მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმები გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების მიმართ მსგავსია. 2019 წლის შემდეგ, უარყოფითად არის შეცვლილი ქალების მიერ უფლებების გამოყენებასთან და სამუშაო შესაძლებლობებთან დაკავშირებული აღქმები.
- 2024 წელს, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ქალების მიერ უფლებების მიღება და დასაქმება ნიშნავს ქალების მიერ კაცებისთვის უფლებების (2024-18.7%; 2019-10.3%) ან სამუშაოს (2024-20.7%; 2019-7.6%) წართმევას.
- ყოველი მესამე კაცი, ან მეტი მოიაზრებს, რომ მემკვიდრეობითი ქონება ვაჟს უნდა ერგოს. ქალების შემთხვევაში, ამას ეთანხმება ყოველი მეოთხე ან მეხუთე. 2019 წელთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ქალები ემხრობიან მშობლების სახლის, მიწისა და ოჯახის ბიზნესის თანაბარ განაწილებას. საპირისპიროდ, 2024 წელს კაცები ნაკლებად უჭერენ მხარს მიწის, ძვირფასეულობის, მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის და-ძმაზე განაწილებას.
- კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებები ჯერ ისევ მყარად არის გამჯდარი საზოგადოებაში როგორც ქალებში, ასევე კაცებში. 2024 წელს დაახლოებით ყოველი მეორე ქალი და 3 კაციდან 2 ამბობს, რომ არასდროს ეყოლებოდა ჰომოსექსუალი მეგობარი, ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება, და მათთვის უხერხული იქნებოდა ჰომოსექსუალი შვილის ყოლა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ავლენს, აღსანიშნავია, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, 2024 წელს დამოკიდებულებები გაუმჯობესებულია.
- უმეტეს შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები მიმღებლობით ხასიათდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალების მეოთხედის და კაცების მესამედის თანახმად, შშმ მეუღლე ან პარტნიორი ვერ ეყოლებოდა. ყოველი მეხუთე ქალისთვის და ყოველი მეოთხე კაცისთვის უხერხული იქნებოდა შშმ შვილის ყოლა. ამ თვალსაზრისით, 2019 წელთან შედარებით, მცირედი გაუარესება შეინიშნება.