რუსულ კანონზე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა

“ქართული ოცნების” მიერ დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც რუსული კანონის გაუქმებას ეხებოდა.

 

განცხადებას ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე მისი ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელსაც “ტვ პირველი” უცვლელად გთავაზობთ:

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

 

კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება”- წერს ყაველაშვილის პრესსამსახური.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2024 წლის ივლისში შეიტანა. პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაძლო დარღვევაზე დაობდა.

 

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას 30-ზე მეტი  ოპოზიციონერი დეპუტატი დაობს.

 

სასამართლოში სარჩელები შეიტანეს არასამთავრობო და მედიოარგანიზაციებმაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share