რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ, უკრაინის მხარეს მებრძოლ 60 წლის ქართველ ჯარისკაცს – ნადიმ ხმალაძეს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
რუსული პროპაგანდისტული მედიის – „ტასის“ ცნობით, ხმალაძე უკრაინაში ჩავიდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში, სადაც გაიარა წვრთნები; შემდეგ კი სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, კიევის ოლქში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
რუსეთი ქართველ სამხედროებს საგანგებოდ წარმოაჩენს და ასამართლებს „დაქირავებულების“ სტატუსით, მაშინ, როცა მაგალითად უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია.
ნადიმ ხმალაძე 2024 წლის ივლისში კიდევ ორ ქართველ მებრძოლთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე“ დაიბარეს.
იქამდე კი, თბილისში, 9 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, კრიმინალურმა პოლიციამ უკანონოდ დააკავა.
„ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და ისე ჩამსვეს მანქანაში“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნადიმ ხმალაძე. მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ქსენოფობიური შინაარსის სიტყვებითაც მიმართა.
„როცა მივაწოდე პირადობის მოწმობა, სადაც წერია, რომ ჩემი დაბადების ადგილი არის ხულოს რაიონი, პოლიციელმა მითხრა, ხულოდან თუ ხარ, რა ჩემი #… გინდა აქ, თბილისშიო. სამასი ათასი რუსი რომ გყავთ აქ, ეს იმათ ჰკითხეთ-მეთქი – ვუპასუხე. მე საქართველოს მოქალაქე, ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნებისმიერ ადგილას ვიქნები-მეთქი. ხულო სადღაც სხვა სამყაროში ჰგონიათ ამათ ალბათ“.
„ბათუმელები“